სომხეთი ცდილობს, რეგიონულ ქვეყნებსა და ძალის ცენტრებთან დაბალანსებული პოლიტიკა აწარმოოს։ ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე
2 წუთი კითხვის

სომხეთი ცდილობს, რეგიონულ ქვეყნებსა და ძალის ცენტრებთან დაბალანსებული პოლიტიკა აწარმოოს, რომლის საფუძველიც უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროების დივერსიფიკაციაა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განაცხადა ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანმა სომხეთის პარლამენტში გამართული ევროკავშირსა და სომხეთის საპარლამენტო პარტნიორობის კომიტეტის მეოთხე სხდომის დროს.
სიმონიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე მდებარე სომხეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყნებთან ნორმალური ურთიერთობების ქონა და რეგიონში ღია საზღვრებითა და პარტნიორობაზე დაფუძნებული ურთიერთობების დამკვიდრებისკენ სწრაფვა.
ამ კონტექსტში მან გაიხსენა სომხეთის მთავრობის „მშვიდობის გზაჯვარედინი“ ინიციატივა.
„ჩვენ ვცდილობთ, რეგიონულ ქვეყნებთან და ძალის ცენტრებთან დაბალანსებული პოლიტიკა ვაწარმოოთ, რომლის საფუძველიც უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროების დივერსიფიკაციაა. ჩვენ სხვადასხვა სფეროში ვაფართოებთ თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთანაც“, – განაცხადა სიმონიანმა.
მისი თქმით, სომხეთმა თავისი ისტორიის ახალი გვერდი გადაშალა და აირჩია დემოკრატიული განვითარების გზა, რადგან ევროპული ცივილიზაციის ღირებულებების მატარებელია და მტკიცედ განაგრძობს დემოკრატიის გაძლიერებასა და საკუთარი ძალებით ქვეყნის დაცვასა და გაძლიერებას.
„ჩვენ სრულად შეგვწევს იმის გაცნობიერება, რომ ეს რთული და საფრთხეებით აღსავსე გზაა. მსოფლიოში არსებული ვითარება და სწრაფად ცვალებადი რეალობა გვაიძულებს, ვიყოთ შორსმჭვრეტელები და მივიღოთ სწორად გააზრებული გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა, რამდენად რთული შეიძლება იყოს ისინი“, – განაცხადა ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ.