2 წუთი კითხვის
სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი არარატ მირზოიანი 16 ნოემბერს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დან ნეკულაესკუს შეხვდა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს.
არარატ მირზოიანმა კოლეგას რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა და საპასუხისმგებლო მისიაში წარმატებები უსურვა.
თანამოსაუბრეებმა სომხეთსა და რუმინეთს შორის პარტნიორობის განვითარების საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა უახლოეს მომავალში დაგეგმილ მაღალი დონის ვიზიტებზე, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობების თვისებრივად ახალ საფეხურზე აყვანის ჭრილში.
მინისტრებმა მოსაზრებები გაცვალეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების, ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაციისა და სომხური პროდუქციისთვის ევროპულ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის შესაძლებლობებზე.
მინისტრმა მირზოიანმა და დან ნეკულაესკუმ სომხეთი-ევროკავშირის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს. არარატ მირზოიანმა მაღალი შეფასება მისცა რუმინეთის მხარდაჭერას სომხეთი-ევროკავშირის თანამშრომლობის გაფართოების საქმეში, მათ შორის სომხური პროდუქციის მიმართ ევროკავშირის ავტონომიური სავაჭრო ზომების გავრცელების კუთხით.
სომხეთისა და რუმინეთის მინისტრებმა მოსაზრებები გაცვალეს ასევე შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონებში უსაფრთხოების საკითხებზე.