დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტექსტი ანტისახელმწიფოებრივია - ფაშინიანი
2 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტექსტს ანტისახელმწიფოებრივად მიიჩნევს. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ ტექსტით დამოუკიდებელი სახელმწიფოს ყოლა შეუძლებელია, ეს ტექსტი სახელმწიფოს ყოლის შეუძლებლობაზეა“, - განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუციის მიღება პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ წინასაარჩევნო პროგრამაში შედიოდა და, არჩევნების შედეგად აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, მათ ეს პროგრამა უნდა განახორციელონ.
„ოპოზიციამ კონსტიტუციის პროცესი საერთაშორისო და რეგიონულ დღის წესრიგს დაუკავშირა. ვფიქრობ, შევძლებ ისეთი წინადადების გაკეთებას, რომელზეც ოპოზიცია უარს ვერ იტყვის. ძალიან დიდია ალბათობა, რომ საქმე რიგგარეშე არჩევნებამდე არ მივა, არამედ პირიქით -ჩამოყალიბდება წინადადება, რომელზეც ოპოზიცია უარს ვერ იტყვის. გუშინ მათ მოგვცეს შესაძლებლობა, პროცესი ისე წარვმართოთ, რომ ოპოზიციაზე ისეთი საზოგადოებრივი ზეწოლა გენერირდეს, რათა მათ საკუთარი კენჭისყრით გახადონ შესაძლებელი ახალი კონსტიტუციის რეფერენდუმი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მანამდე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოქვეყნდება.