3 წუთი კითხვის
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მისი მხარდაჭერა არა მხოლოდ სამშვიდობო პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილია, არამედ არსებითი ღირებულებაა ევროპის კავშირისთვის. ამის შესახებ „არმენპრესის“ კორესპონდენტთან საუბარში სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა მაგდალენა გრონომ განაცხადა, რომელიც 14 სექტემბერს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის მოადგილის, ვაჰან კოსტანიანის თანხლებით მ. მაშტოცის სახელობის ძველი ხელნაწერების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „მატენადარანს“ ეწვია.
„მიხარია, რომ დღეს შესაძლებლობა მომეცა ვწვეოდი მატენადარანს და მენახა სომხური უძველესი შესანიშნავი კოლექციები. მე დავინახე ამ მემკვიდრეობის ნამდვილი სილამაზე და სიღრმე და ღრმად აღფრთოვანებული ვარ. დიდ მადლობას ვუხდი მიმღებ მხარეს ამ შესაძლებლობის მიცემისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მისი მხარდაჭერა არა მხოლოდ სამშვიდობო პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილია, არამედ არსებითი ღირებულებაა ევროპის კავშირისთვის“, - გაუსვა ხაზი მაგდალენა გრონომ.
უფრო ადრე გრონო აზერბაიჯანში იმყოფებოდა, ეწვია ყარაბაღს, რის შემდეგაც სოციალურ ქსელში ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავდა: „ზოგიერთი ადგილის წარმოშობასთან დაკავშირებით არსებობს ღრმად განსხვავებული თვალსაზრისები და ნარატივები“, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობდა. ამ ჩანაწერმა სომხეთში კრიტიკის ტალღა გამოიწვია.
სააგენტოს კორესპონდენტის კითხვაზე, თუ როგორ განმარტავს ევროკავშირის წარმომადგენელი ამ ჩანაწერს, გრონომ უპასუხა:
„მე, რა თქმა უნდა, არ ვდაობ ყარაბაღის კონფლიქტით დაზარალებულ ყოფილ რაიონებში წარსულში სომხურ თანაარსებობასა და მდიდარ კვალზე. გასულ კვირას ქელბაჯარის (ეწვია დადივანქს - რედ.) და აღდარას (ეწვია განძასარს - რედ.) რაიონებში ვიზიტისას პირველად მომეცა შესაძლებლობა პირადად დარწმუნებულიყავი ამაში. ასევე მიხაროდა დღეს ერევნის მატენადარანში კვლავ სტუმრობა. ეს მემკვიდრეობა უნდა იყოს დაცული და დაფასებული, დაუსაბუთებელი პოლიტიზებისა და სპეკულაციებისგან შორს“.
გრონოს თქმით, ევროკავშირისთვის მთავარია, რომ ყურადღება დაეთმოს სამშვიდობო პროცესის ყველა ასპექტს. მისი თქმით, ეს მოიცავს პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ საკითხებს, მაგრამ ასევე ისეთ რთულ პრობლემებს, როგორებიცაა ჰუმანიტარული საკითხები და კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული თემები.
„ვფიქრობ, შერიგების სრულყოფისთვის გარკვეულ ეტაპზე აუცილებელი იქნება დიალოგის წარმართვა ამ საკითხებზეც. მოვისმინე ორივე მხარის თვალსაზრისი და ვიცი, რომ ეს მათში ღრმა ემოციებს იწვევს. ასევე მიხაროდა უქმე დღეებში ვიზიტისას შესაძლებლობა მქონოდა მენახა ის მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა, რაც სინამდვილეში არსებობს ყარაბაღში“, - დაასკვნა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა.