2 წუთი კითხვის
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია სომხეთის მთავრობის სტრატეგია უნდა გახდეს - იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის მიერ სომხეთიდან საქონლის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მიმაჩნია, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ყველა პრობლემის აღმოფხვრის შემთხვევაშიც კი, დივერსიფიკაცია ჩვენი სტრატეგია უნდა გახდეს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ამ კურსს არ უნდა გადავუხვიოთ. თუმცა სიხარულით უნდა აღინიშნოს, რომ, რა თქმა უნდა, პრობლემა შეიქმნა და პრობლემა არსებობს, მაგრამ, მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, ეს პრობლემა მართვადია“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 2026 წლის ივნისის დასაწყისიდან სომხეთიდან სხვადასხვა საქონლის იმპორტზე შეზღუდვები დააწესა, რომლებიც დღემდე გრძელდება. ამ ფონზე, სომხეთის მთავრობამ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით ნაბიჯები გადადგა. 2 სექტემბერს ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა სომხური ექსპორტის დაახლოებით 80 პროცენტისთვის ევროკავშირის ბაზრის ლიბერალიზაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ სომხეთიდან ექსპორტირებული საქონლის დაახლოებით 80 პროცენტი ევროკავშირის ბაზარზე საბაჟო გადასახადების გარეშე შევა.