სომხეთი

ნიკოლ ფაშინიანს ჰესენის მშვიდობის პრემია მიენიჭება

6 წუთი კითხვის

ნიკოლ ფაშინიანს ჰესენის მშვიდობის პრემია მიენიჭება

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ჰესენის მშვიდობის პრემია მიენიჭება.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ჰესენის მხარის პარლამენტი ავრცელებს.

აღინიშნება, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ჰესენის მშვიდობის პრემია მიენიჭება.

„18 სექტემბერს ის ალბერტ ოსვალდის ფონდის პრიზს ვისბადენში, ჰესენის ფედერალური მხარის პარლამენტში საზეიმო ცერემონიის ფარგლებში მიიღებს. პრემია აფასებს 51 წლის პოლიტიკოსის უწყვეტ ძალისხმევას ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. როგორც 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მან გზა გაუკაფა საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და მას შემდეგ, როგორც პრემიერ-მინისტრი, ქვეყანას მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული გზით ევროპისკენ მიუძღვის. ამავდროულად, აშშ-ის მხარდაჭერით მან შეძლო 2025 წლის აგვისტოში მეზობელი სახელმწიფოს, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად მიეღო ერთობლივი დეკლარაცია მშვიდობის შესახებ, ასევე პარაფირება გაეკეთებინა შეთანხმებაზე „სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰესენის ფედერალური მხარის ლანდტაგის თავმჯდომარემ, ჰესენის მშვიდობის პრემიის სამეურვეო საბჭოს წევრმა ასტრიდ ვალმანმა აღნიშნა:

„პრემია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაზე, რომელიც 2018 წლიდან დემოკრატიული რეფორმების უწყვეტ პროცესშია და ევროპელ პარტნიორებთან დაახლოებას მიისწრაფვის. რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის გრძელვადიანი უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი საფუძველია ამ ძალისხმევის გაფართოებისა და გაღრმავებისთვის. ჰესენის მშვიდობის პრემიის მინიჭება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისთვის აფასებს მეზობელ სახელმწიფოსთან მშვიდობის პროცესში დაფიქსირებულ ისტორიულ პროგრესს და ხაზს უსვამს ურთიერთგაგებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივების მნიშვნელობას“.

ფრანკფურტის მშვიდობის კვლევების ინსტიტუტის - მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევის ლაიბნიცის ინსტიტუტის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალური წესრიგის თეორიების პროფესორმა ნიკოლ დაიტელჰოფმა თავის მხრივ აღნიშნა:

„პრემიით ფასდება ნიკოლ ფაშინიანის თანმიმდევრული ძალისხმევა პოსტსაბჭოთა სივრცის ისტორიულად ყველაზე რთულ და ღრმა ფესვების მქონე ერთ-ერთ კონფლიქტში ძალადობისგან თავის შეკავების მიმართულებით. ამ თაობების მანძილზე გაგრძელებულ და ღრმად ემოციური ხასიათის კონფლიქტის პირობებში, ნიკოლ ფაშინიანის მიერ არჩეული პოლიტიკა განსაკუთრებით ყურადსაღებია. ვინაიდან როგორც მისი პოლიტიკური აღვლენა 2018 წლის არაძალადობრივი „ხავერდოვანი რევოლუციის“ დროს, ისე აზერბაიჯანთან ურთიერთობების მოწესრიგების საკითხში მის მიერ არჩეული მიდგომა განპირობებულია ძალადობის შემდგომი გავრცელების აღკვეთისა და სამხედრო ესკალაციისგან თავის არიდების მიზნით. ამავდროულად, ის არ ერიდება არაპოპულარული (unpopulär) გადაწყვეტილებების მიღებასაც. სწორედ უკიდურეს პირობებში ძალადობისგან თავის შეკავების ეს გააზრებული არჩევანი განაპირობებს მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას მშვიდობის პოლიტიკის თვალსაზრისით“.

ჰესენის ფედერალური მხარის პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ჰესენის მშვიდობის პრემიის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ და ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა კარლ შტარცახერმა განაცხადა:

„სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ არჩეული პოლიტიკური გზა განსაკუთრებით იმსახურებს მშვიდობის პრემიას. რიტორიკული ან სამხედრო დაძაბულობის გამწვავების სანაცვლოდ ის უპირატესობას ანიჭებს დიპლომატიას, საერთაშორისო შუამავლობასა და პოლიტიკურ მოლაპარაკებებს. ამგვარად, მისი პოლიტიკა ნაკლებად არის მიმართული მოკლევადიანი მიზნების სწრაფ განხორციელებაზე და მეტად - პოლიტიკური შესაძლებლობების ფარგლების ეტაპობრივ გაფართოებაზე. ეს მოითხოვს არა მხოლოდ პოლიტიკურ სიმამაცესა და შორსჭვრეტას, არამედ მოწმობს მშვიდობისა და დემოკრატიის მჭიდრო ურთიერთკავშირს“.

ჰესენის მშვიდობის პრემიის შესახებ

პრემია შეადგენს 25 000 ევროს და 1994 წლიდან გაიცემა ალბერტ ოსვალდის ფონდის მიერ. პრემიის მიზანია შეაფასოს ომების, ძალადობის ან ძალადობის საფრთხის შემცველი კონფლიქტების შეწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევა, პრევენციული ღონისძიებები, ძალადობრივი კონფლიქტებისგან თავის არიდების სტრატეგიების შემუშავება, ასევე ხალხთა შორის ურთიერთგაგების ხელშემწყობი წვლილი. პრემია დააფუძნეს ჰესენის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალებრტ ოსვალდმა (გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია - SPD) და მისმა ოჯახმა. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან გერმანიის წამყვანი მშვიდობის კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომლებიც კონსულტაციას უწევენ მშვიდობის პრემიის მინიჭების საკითხში. 2021 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო პრემიის მინიჭება შეჩერებული იყო. შემდგომ წლებში პრემია გაიცემოდა წინა წლისთვის. 2025 და 2026 წლების პრემიების მინიჭებით ეს დროითი სხვაობა კვლავ აღმოიფხვრება.

AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0001, აბოვიანი 9

+374 10 539818
[email protected]
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2026 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT