ევროკავშირმა სომხეთს ახალი თაობის განაღმვის მანქანა გადასცა: ის დელიმიტაციის პროცესშიც იქნება გამოყენებული
2 წუთი კითხვის

ევროპულმა კავშირმა სომხეთს გადასცა ახალი თაობის დისტანციურად მართვადი განაღმვის მანქანა, რომელიც გამოყენებული იქნება განაღმვით სამუშაოებსა და დელიმიტაციის პროცესში.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ევროკომისიის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტების სამსახურის (FPI) ხელმძღვანელმა პეტერ ვაგნერმა განაცხადა და აღნიშნა, რომ აღნიშნული მანქანა დაახლოებით 20 ტონას იწონის.

ევროკომისიის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტების სამსახურის ხელმძღვანელმა კმაყოფილება გამოთქვა სომხეთში ყოფნისა და განაღმვის მანქანის გადაცემის გამო. მან ხაზი გაუსვა, რომ მოცემული მანქანა იმ გაცილებით ფართო ღონისძიებებისა და პროექტების პაკეტის ნაწილია, რომელიც ევროკავშირმა სომხეთში სამშვიდობო პროცესისთვის განახორციელა. ეს პაკეტი, კერძოდ, მოიცავს განაღმვის სფეროში მთელ რიგ ქმედებებს.
„ეს მანქანა განაღმვის შესახებ 5,5 მილიონი ევროს ღირებულების პაკეტის ნაწილია, რომელიც მოიცავს მრავალ დამატებით ელემენტს და ბევრ ტრენინგს, რადგან მანქანების ტექნიკურად გამოყენება რთულია. პაკეტი ასევე მოიცავს უსაფრთხოებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღჭურვილობას, რომლებიც ადგილზე განაღმვითი ოპერაციების ნაწილია. ის ასევე მოიცავს სათადარიგო ნაწილების დიდ რაოდენობას, ვინაიდან მანქანა დისტანციურად იმუშავებს ძალიან რთულ, ზოგჯერ მთიან პირობებში“, - დააკონკრეტა პეტერ ვაგნერმა და განაღმვის მანქანის ტექნიკური თავისებურებები წარადგინა.
მისი შეფასებით, განაღმვა სამშვიდობო პროცესების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან როდესაც ადამიანებს შეუძლიათ ძალიან საგრძნობი ფორმით დაინახონ და იგრძნონ, რომ სასაზღვრო რეგიონში მათი გარემო უფრო უსაფრთხო ხდება, ისინი უფრო უკეთ ხვდებიან, რომ ნამდვილად მშვიდობა სუფევს.

ევროკავშირის მიერ სომხეთისთვის გადაცემული განაღმვის მანქანა ხელს შეუწყობს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახიფათოდ მიჩნეულ ზონებში ჰუმანიტარულ განაღმვით სამუშაოებს. ამის გარდა, მანქანა გამოყენებული იქნება ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში.