უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხი სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი მუშაობით უნდა გადაიჭრას - ფაშინიანი
1 წუთი კითხვის

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი ძალისხმევით უნდა იმუშაონ ორსავე ქვეყანაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა პრობლემის მოგვარებაზე.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა და დასძინა, რომ სომხეთს არც აზერბაიჯანში ტყვეობაში მყოფი თავისი თანამემამულეების პრობლემები დავიწყებია.
მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ვაჭრობაც მშვიდობის ძალიან მნიშვნელოვანი საყრდენია.
„დელიმიტაციის პროცესთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი პროცედურა შეჯამებულია და როგორც სომხეთში, ისე აზერბაიჯანში სავალდებულო იურიდიული ძალა აქვს. ახლა ჩვენ კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ TRIPP-ის გზის რეალიზაციაზე, ასევე გავაგრძელოთ მუშაობა სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისა და რატიფიცირების მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.