ლავროვის განცხადებით, ეეკ-ში სომხეთის საკითხი აქტუალურია და სწრაფად უნდა გადაიჭრას
3 წუთი კითხვის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთთან დაკავშირებული ვითარება გადაუდებელია და სწრაფ გადაჭრას საჭიროებს.
ამის შესახებ „არმენპრესი“ „რია ნოვოსტიზე“ დაყრდნობით იუწყება. ლავროვმა აღნიშნა, რომ სომხეთმა უკვე მიიღო კანონი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ, რის გამოც ქვეყნის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში წევრობის საკითხი აქტუალურია და მალე უნდა გადაწყდეს.
ლავროვმა შეახსენა საზოგადოებას სომხეთის ხელმძღვანელობის განცხადებები იმის თაობაზე, რომ სომხეთის ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გამოსვლაზე საუბარი არ არის, რადგან ქვეყანა ევროკავშირს ჯერ კიდევ არ შეერთებია.
„იცით, სომხეთმა უკვე მიიღო კანონი ევროკავშირთან შეერთების შესახებ, ამიტომ საკითხი გადაუდებელია... ეს, რა თქმა უნდა, სწრაფად უნდა გადაიჭრას“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონი 2025 წლის მარტში მიიღო. თუმცა, რუსეთმა ამ თემის აქტიური ფორსირება სომხეთში 2026 წლის 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებამდე დაიწყო. მოსკოვის მტკიცებით, ევროკავშირსა და ეეკ-ში წევრობა შეუთავსებელია და სომხეთმა ორ სტრუქტურას შორის არჩევანი მაქსიმალურად სწრაფად უნდა გააკეთოს. 2026 წლის 29 მაისს ეეკ-ის წევრი 4 ქვეყნის - რუსეთის, ყაზახეთის, ბელარუსისა და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა მიიღეს განცხადება, რომლითაც სომხეთს შესთავაზეს, ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შორის არჩევანის გაკეთების საკითხი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში რეფერენდუმზე გაიტანოს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნულ განცხადებაზე რეაგირებისას აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მსგავსი რეფერენდუმის ჩატარების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალურად არ მიუმართავს და მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიც კი არ გააჩნია.
სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია 2015 წლიდან - გაერთიანების დაარსების დღიდან. ეეკ-ის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა 2014 წლის 29 მაისს და ძალაში შევიდა 2015 წლის 1 იანვრიდან.