სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მოწესრიგებასთან დაკავშირებით
2 წუთი კითხვის

საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეის ფარგლებში, 17 აპრილს სტამბოლში სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეების ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
როგორც „არმენპრესი“ სომხეთის ეროვნული ასამბლეის მიერ გავრცელებული განცხადებიდან იტყობინება, შეხვედრის განმავლობაში კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მოწესრიგების ფარგლებში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები, მათ შორის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯები, ასევე სავაჭრო კავშირების დამყარება და გაფართოება.
ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო კავშირის როლს, როგორც საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვან პლატფორმას. ამ კონტექსტში, მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს და მადლიერება გამოხატეს საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალური მდივნის, მარტინ ჩუნგონგის მიმართ, სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეებს შორის დიალოგის ჩამოყალიბების საქმეში გაწეული პირადი ძალისხმევისთვის.
პარლამენტების თავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციებს შორის არსებული კონტაქტები, რომლებიც 2025 წლის ოქტომბერში ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ დაიწყო და შეთანხმდნენ ამ კონტაქტების გაგრძელებაზე.
სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს კონსტრუქციული საპარლამენტო დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობა ორ საზოგადოებას შორის ნდობის შემდგომი განმტკიცებისთვის.