სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობა დე-იურე გამყარებულია - ფაშინიანი

6 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სომხეთს აზერბაიჯანთან დამყარებული მშვიდობა პირველად აქვს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2025 წლის აგვისტომდე პერიოდში მშვიდობა არასდროს ყოფილა.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ფაშინიანმა „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„ომის „სამთავიანი“ პარტია - ქოჩარიანი-კარაპეტიანი-წარუკიანი - ცდილობს დაგვაჯეროს, თითქოს 2024-2025 წლებამდე, ისევე როგორც 2018 წლამდე, მშვიდობა გვქონდა. რა თქმა უნდა, ეს მტკიცება ცინიკური ტყუილია, თუნდაც იმ ფაქტის გამო, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან და 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც, აზერბაიჯანთან ორმხრივი სროლების შედეგად ყოველწლიურად გვყავდა დაღუპულები და დაჭრილები. მსხვერპლი ასეულობითაა, დაჭრილთა რაოდენობა კი გაცილებით დიდია. ეს არის მათი წარმოდგენა მშვიდობაზე - ყოველწლიურად მსხვერპლის გაღება. ჩვენი ხედვა კი საპირისპიროა․ მშვიდობა ნიშნავს მსხვერპლისა და დაჭრილების არარსებობას, მშვიდობა ნიშნავს ყოველგვარი დაძაბულობის აღმოფხვრას.

წინა პერიოდში, შეიძლება ითქვას, ყოველდღიურ რეჟიმში გვქონდა ორმხრივი სროლები, პერიოდულად მიმდინარეობდა სნაიპერების ბრძოლები და „მინი-ომები“. აქ ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რას ნიშნავდა ეს ვითარება დიდ ომთან მიმართებით. ჩემი სათქმელი ისაა, რომ წარსულში ჩვენ მშვიდობა კი არ გვქონდა, არამედ მხოლოდ ომის გადავადება“, - განმარტა ფაშინიანმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმის დაფიქსირებაც, თუ რის ხარჯზე ხდებოდა ომის გადავადება.

„ამას თავისი ფასი ჰქონდა, რომელსაც ჩვენ ვიხდიდით. ომის გადავადების საფასური იყო სომხეთის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა, მოქალაქეების კეთილდღეობა და ეკონომიკური განვითარება. უნდა აღინიშნოს, რომ გადახდის ეს რესურსი ჯერ კიდევ 2016 წელს ამოიწურა, როდესაც ოთხდღიანი ომი მოხდა. არა მხოლოდ ომი მოხდა, არამედ მოლაპარაკებების მაგიდაზე სულ სხვა ლოგიკა გაჩნდა, რამაც ყარაბაღის საკითხის მოწესრიგების შესახებ სომხური მხარის ყველა წარმოდგენა გააქარწყლა. მათ, ვინც ამ მტკიცების გასაჩივრებას შეეცდება, მივუთითებ სერჟ სარგსიანის ყველასთვის ცნობილ 2016 წლის აგვისტოს წერილზე“, - განაცხადა პრემიერმა.

ფაშინიანის განმარტებით, მტკიცება იმისა, რომ ახლა მშვიდობაა დამყარებული, ეფუძნება ფაქტს, რომ 2025 წელი პირველი კალენდარული წელია, როდესაც აზერბაიჯანთან ორმხრივი სროლების შედეგად სომხეთს მსხვერპლი არ ჰყოლია.

„პრაქტიკულად კი, დაღუპულები და დაჭრილები 2024 წლის თებერვლის შემდეგ არ გვყოლია. ანუ, ბოლო მსგავსი შემთხვევა 2024 წლის დასაწყისში დაფიქსირდა“, - აღნიშნა მან.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობო შეთანხმება ჯერ მხოლოდ პარაფირებულია (ხელმოწერილი არ არის), სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებულ მშვიდობას უკვე აქვს დე-იურე საფუძველი.

„დე-იურე საფუძველია 2024 წელს ორი ქვეყნის სადელიმიტაციო კომისიების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი საქმიანობის დებულება (რეგლამენტი), რომელიც შესაბამისი პროცედურების შემდეგ რატიფიცირებულ იქნა და უმაღლესი იურიდიული ძალა შეიძინა. სწორედ ამ დოკუმენტშია ალმა-ათის დეკლარაცია დაფიქსირებული, როგორც ორი ქვეყნის საზღვრების დელიმიტაციის საბაზისო პრინციპი. ამას ორივე ქვეყნისთვის უმაღლესი მნიშვნელობა აქვს. ეს ნიშნავს, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა დე-იურე აღიარეს: დამოუკიდებელი სომხეთი თავისი ტერიტორიით იგივეა, რაც საბჭოთა სომხეთი, ხოლო დამოუკიდებელი აზერბაიჯანი - რაც საბჭოთა აზერბაიჯანი. ეს არის მშვიდობის საფუძველი. ამ ლოგიკიდან გადახვევა, რისკენაც ომის „სამთავიანი“ პარტია გვიბიძგებს, ცალსახად და უპირობოდ ნიშნავს ომს ყოველივე აქედან გამომდინარე შედეგებით“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისი თქმით, მოქმედმა ხელისუფლებამ მრავალი მსხვერპლისა და თავგანწირვის ფასად მიაღწია არა ომის გადავადებას, არამედ მშვიდობას.

„ქედს ვიხრით ჩვენი დაცემული ძმების წინაშე... ჩვენ მშვიდობას მივაღწიეთ და თავისუფალი, დემოკრატიული, განვითარებადი და სუვერენული სომხეთი მათი ხსოვნის პატივისცემის უმაღლესი გამოხატულებაა. მათ თავგანწირვას ამაზე დიდ შეფასებას ვერ მივცემთ. მაშასადამე, მშვიდობა დღეს უკვე დე-იურე დამყარებულია და სომხეთის მოქალაქე თავად უნდა გახდეს საკუთარი მშვიდობის პატრონი, რადგან ეს მისი მშვიდობაა, მისი შექმნილია. ხელისუფლებამ მშვიდობის დამყარება პრიორიტეტად აქცია 2021 წლის რიგგარეშე არჩევნებზე ხალხისგან მიღებული მანდატის საფუძველზე. მოდის დრო, კერძოდ 2026 წლის 7 ივნისი, როდესაც სომხეთის მოქალაქემ თავისი მშვიდობა უნდა დაიცვას. გულწრფელად გეტყვით, ეჭვიც არ მეპარება, რომ სომხეთის მოქალაქე საკუთარ მშვიდობას დაიცავს“, - დაასკვნა ფაშინიანმა.

 
 

 

 

ქართული العربية English Español فارسی Հայերեն Русский Türkçe

ევროკავშირი სომხეთის მხარდაჭერას განაგრძობს რუსეთის მხრიდან ქვეყანაზე განხორციელებული ეკონომიკური ზეწოლის ფონზე

ალენ სიმონიანმა დსთ-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის დელეგაცია მიიღო

ნიკოლ ფაშინიანმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთსა და ევროკავშირს შორის ბიზნესკავშირების გაღრმავებას გაუსვეს ხაზი

კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დასრულებულია - მარკო რუბიო

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ TRIPP-ის განვითარების კომპანიის დაარსება დაამტკიცა

ევროკავშირი სომხეთს დამატებით მხარდაჭერას გაუწევს რუსეთის მიერ სომხური საქონლის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე

სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა TRIPP-ის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომა

ფაშინიანმა და ერდოღანმა სომხეთ-თურქეთის დარეგულირების პროცესი განიხილეს

სომხეთისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები განიხილეს