სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა უახლოეს წლებში რეალისტური პერსპექტივაა: ბრუნერი
3 წუთი კითხვის

ვიზალიბერალიზაცია სომხეთი-ევროკავშირის პარტნიორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამის შესახებ ევროკომისარმა შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში მაგნუს ბრუნერმა „არმენპრესისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გააადვილებს მოგზაურობას მუშაობის, სწავლისა და ტურიზმის მიზნით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებასა და ხალხთაშორისი კავშირების გაფართოებას.
„გასული წლის ნოემბერში ჩვენ გადავეცით ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და მას შემდეგ დაფიქსირდა სტაბილური პროგრესი, განსაკუთრებით დოკუმენტების უსაფრთხოებისა და მიგრაციის მართვის სფეროებში. ბიომეტრიული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების დანერგვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია და, როგორც მესმის, ის მალე ამოქმედდება. რეფორმები ასევე გრძელდება თავშესაფრის, ასევე ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ევროკავშირის პარტნიორებისა და ისეთი სააგენტოების მხარდაჭერით, როგორიცაა Europol-ი და Frontex-ი“, - აღნიშნა ევროკომისარმა.
ვიზალიბერალიზაცია კრიტერიუმებზე დაფუძნებული პროცესია, ამიტომ სამოქმედო გეგმაში მითითებული ყველა მოთხოვნა უნდა შესრულდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე - არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ პირველ რიგში სომეხი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. პროგრესის შესახებ პირველი ანგარიში წარდგენილი იქნება 2026 წლის მაისში დაგეგმილ სომხეთი-ევროკავშირის სამიტზე.
„თუ რეფორმების ეს ტემპი შენარჩუნდება, უახლოეს წლებში უვიზო მიმოსვლა რეალისტური პერსპექტივაა. ეს ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის სომხეთის მოქალაქეებს განათლების, ბიზნესის, ტურიზმისა და კულტურული გაცვლის სფეროებში და კიდევ უფრო განამტკიცებს კავშირებს სომხეთსა და ევროკავშირს შორის“, - განაცხადა მაგნუს ბრუნერმა.
ის სომხეთში 12 მარტს ჩავიდა. მან შეხვედრები გამართა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, შინაგან საქმეთა მინისტრ არფინე სარგსიანთან და მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში სახელწოდებით: „ვიზალიბერალიზაციის გზა: ევროკავშირი-სომხეთის თანამშრომლობის გაძლიერება ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების ფარგლებში“.