ქართველი ექსპერტი ეთანხმება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, რომ TRIPP-ის და „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტები ახალი შესაძლებლობების შექმნას მოიტანს რეგიონული ქვეყნებისათვის
4 წუთი კითხვის
ვინც საქართველოში არიან, ყველას ესმის, რომ სამხრეთ კავკასიაში პრიორიტეტი მშვიდობაა და მხოლოდ ამის შემდეგ უკვე ის ახალი შესაძლებლობები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის შემთხვევაში, კერძოდ, ახალი სატრანზიტო მარშრუტები, რომლებიც ამ პროცესს მოჰყვება.
საერთაშორისო ორდღიანი კონფერენციის „ორბელი ფორუმი։ მშვიდობისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის მშენებლობა“ ფარგლებში „არმენპრესის“ კორესპონდენტთან საუბრისას ასეთი მოსაზრება გამოთქვა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თორნიკე შარაშენიძემ, როდესაც შეეხო განხილვებს იმის შესახებ, რომ მაგალითად, სომხეთის ტერიტორიაზე TRIPP-ის მარშრუტის ამოქმედების შემთხვევაში შესაძლოა შემცირდეს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი.
„საქართველოში ბევრი ამბობს, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია შეიძლება დაზარალდეს, მაგრამ ეს არაფერია იმ ფაქტთან შედარებით, რომ რეგიონში მშვიდობა იქნება. ვფიქრობ, საქართველო, სავარაუდოდ, მაინც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ყველა ახალ მარშრუტში, რადგან ჩვენ გვაქვს გასასვლელი ზღვაზე. თუ სომხეთის სიუნიქის ოლქის გზამ დაიწყო ფუნქციონირება, ვფიქრობ ეს კარგია, რადგან თუ ეს ნიშნავს მშვიდობას, ჩვენ ყველაფერს ვუჭერთ მხარს. და ის ფაქტი, რომ საქართველო შეიძლება გარკვეულ თანხებს კარგავდეს რა თქმა უნდა, ეს მეორეხარისხოვანი საკითხია. საქართველოში ყველანი ნამდვილად აცნობიერებენ, რომ ყველაზე მთავარი მშვიდობაა, შემდეგ უკვე ახალი გზები“, - აღნიშნა ქართველმა ექსპერტმა.
თორნიკე შარაშენიძე ასევე ეთანხმება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის აზრს, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილი TRIPP-ის მარშრუტი თუ სხვა სატრანზიტო გზები არა პრობლემებს, არამედ ახალ შესაძლებლობებს ქმნის როგორც საქართველოსთვის, ისე, მაგალითად, ირანისთვისაც.
„ამ აზრს ვეთანხმები: თუ საბოლოოდ კავკასიაში სრული მშვიდობა გვექნება, დიდი ალბათობით სხვა ახალი პროექტებიც დაიწყებს მუშაობას და ყველანი უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით. ამ ეტაპზე ჯერ ვერ ვიტყვი, როგორ ან როდის ამუშავდება სიუნიქის გზა, მაგრამ ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით ბაქოსა და ერევანს შორის სრული მოგვარება სწორედ ამას იქნება დაკავშირებული“, - აღნიშნა შარაშენიძემ․
ქართველი ექსპერტი ასევე მაღალ შეფასებას აძლევს 8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის შეთანხმების წინასწარ ხელმოწერას და მიღწეულ სხვა შეთანხმებებს, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ისინი სამხრეთ კავკასიის რეგიონს მშვიდობისა და სტაბილურობის ცენტრად აქცევს.
„ეს შეთანხმებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, რათა როგორმე გადავრჩეთ. ჩვენ რეგიონულ ძალებს ვუსაზღვრებთ։ რუსეთს, ირანს, თურქეთს. შეერთებულ შტატებსაც აქვს აქ თავისი ინტერესები და მიზნები, ჩინეთიც, ალბათ, მალე გამოჩნდება რეგიონში. ამ დიდი ძალების შორის კავკასიაში ყოველთვის იქნება კონკურენცია. და ჩვენ, რეგიონული ქვეყნები, ერთად უნდა დავრჩეთ, რათა უბრალოდ არ დავიშალოთ დიდი ძალების შორის ამ ბრძოლაში“, - აღნიშნა ექსპერტმა.
შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას. დეკლარაციის ხელმოწერამდე სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა წინასწარ მოაწერეს ხელი მშვიდობის ხელშეკრულებას და ერთობლივი წერილით მიმართეს ეუთოს მინსკის ჯგუფის ლიკვიდაციის თაობაზე. ამის შემდეგ როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ისე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის მშვიდობა დამყარდა.