2 წუთი კითხვის
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ პირადად ის, როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრი, აღიარებს სომეხთა გენოციდს.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ ისაუბრა ჟურნალისტ პატრიკ ბეთ-დევიდთან ინტერვიუში.
ჟურნალისტმა გაიხსენა, რომ ჰოლოკოსტი 193 ქვეყანამ აღიარა და აღნიშნა, რომ თუ არსებობდა ქვეყანა, რომლისგანაც სომხეთის, ასურელებისა და ბერძნების გენოციდის აღიარებას ელოდნენ, ის სწორედ ისრაელი იყო. ჟურნალისტმა ნეთანიაჰუს ჰკითხა, რატომ არ აღიარებს ისრაელი ოსმალეთის იმპერიის მიერ ჩადენილ სომხების, ასურელებისა და ბერძნების გენოციდს.
ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ ფაქტობრივად მათ აღიარეს. „მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ფაქტობრივად ვაღიარეთ, რადგანაც მჯერა, რომ კნესეტმა ამ საკითხზე რეზოლუცია მიიღო“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ჟურნალისტმა შეაწყვეტინა და მოუწოდა, რომ ეს პირადად ნეთანიაჰუს, როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ეთქვა, რაზეც ნეთანიაჰუმ უპასუხა: „დიახ, მე სწორედ ახლახან გავაკეთე ეს“.
მიუხედავად ნეთანიაჰუს განცხადებისა, თითქოს კნესეტმა სომხეთის გენოციდის აღიარების რეზოლუცია მიიღო, რეალურად ისრაელის სხვადასხვა დეპუტატების მიერ არაერთხელ წარმოდგენილი რეზოლუციები, მათ შორის 2018 და 2021 წლებში, მაგრამ ყველა შემთხვევაში ისინი უარყოფილ იქნა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას კრიტიკით გამოეხმაურა ამერიკის სომხური ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი არამ ჰამბარიანი, რომლის თქმით, ნეთანიაჰუს განცხადება სომხეთის გენოციდის აღიარების შესახებ სარწმუნო იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მოჰყვება აზერბაიჯანთან სამხედრო ალიანსის შეწყვეტა და თურქეთზე ზეწოლა, რათა დასრულდეს ამ ქვეყნის უარყოფითი პოლიტიკა. ჰამბარიანის შეფასებით, სხვა შემთხვევაში ეს მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯია საკუთარი გადაცდომების დასაფარად.