სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მასპინძლობა გაუწია ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ჩამოსულ დელეგაციას
2 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მასპინძლობა გაუწია ყირგიზეთის პარლამენტის (Жогорку Кеңеш) თავმჯდომარე ნურლანბეკ ტურგუნბეკ უულუს ხელმძღვანელობით ჩამოსულ დელეგაციას.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან აცხადებენ, რომ ნიკოლ ფაშინიანმა მიესალმა ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს სომხეთში და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნისა და ხალხის შორის არსებულ მტკიცე ურთიერთობებს.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, საჭიროა ამ ურთიერთობებზე დაყრდნობა და თანამშრომლობის განვითარება პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებებით. ქვეყნის ხელმძღვანელმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა საპარლამენტო ფორმატში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა, რაც ახალ ბიძგს მისცემს პოლიტიკურ დიალოგს.
ნურლანბეკ ტურგუნბეკ უულუმ მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და პრემიერ-მინისტრს ყირგიზეთის პრეზიდენტის თბილი მოლოცვები გადასცა. ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სომხეთის პარლამენტარებთან მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ ჩამოყალიბებული და მისი ვიზიტის მიზანია ორმხრივი კავშირების გაღრმავებას ახალი იმპულსი მისცეს.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს სომხეთისა და ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების საქმიანობა, ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები, აგრეთვე რეგიონული მნიშვნელობის სხვა საკითხები.