ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ეხმაურება გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, ერევნის მონაწილეობასა და ამასთან დაკავშირებით ბრიუსელის შესაძლო რეაქციას
3 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი, უპასუხა კითხვას ევროპის კავშირის შესაძლო უარყოფითი რეაქციის შესახებ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მოსკოვში 9 მაისს ვიზიტთან და ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს მონაწილეობა წარმოადგენს სომხეთის რესპუბლიკის პოზიციას, რადგან ეს გამარჯვება სომეხი ხალხის გამარჯვებაც არის.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა არავითარ კავშირში არ უნდა იყოს ევროკავშირთან ან სხვა საკითხებთან.
„9 მაისის გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაც არის. ამ გამარჯვებისთვის 300 ათასი სომეხი დაიღუპა, მრავალი სომეხი იბრძოდა წინააღმდეგობის მოძრაობის რიგებშიც. ეს ჩვენი სიამაყის დღეებიდან ერთ-ერთია და მე ვფიქრობ, რომ პრემიერის მონაწილეობა ვერანაირად ვერ იქნება დაკავშირებული ევროკავშირთან ან სხვა საკითხებთან“, – აღნიშნა ალენ სიმონიანმა იმ კითხვაზე პასუხად, თუ როგორ შეიძლება ბრიუსელი გამოეხმაუროს სომხეთის მთავრობის მეთაურის ვიზიტს მოსკოვში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმის მონაწილეობის მიზნით.
ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მრავალი ლიდერი დღესაც კი მიდის მოსკოვში, ხვდება და მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
სიმონიანის თქმით, სომხეთს ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი ხედვა აქვს, ევროკავშირსა და მის წარმომადგენლებს კი საკუთარი.
„ეს მათი პოზიციაა, ეს კი ჩვენი. მოდით, ერთი რამ დავაფიქსიროთ სომხეთის რესპუბლიკას აქვს თავისი პოზიცია სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებში, იქნება ეს ევროკავშირთან, რუსეთთან თუ სხვა მესამე ან მეოთხე ქვეყანასთან, და ამ პოზიციას ჩვენ ვიცავთ და ვავრცელებთ. შესაძლებელია, ეს რომელიმე ქვეყანას არ მოსწონს, ან შესაძლოა არ მოსწონდეს სხვა ქვეყნის სხვა ნაბიჯი, მაგრამ ბოდიშით, ჩვენ ჩვენი ინტერესები, ხედვა და გზა გვაქვს“, – განაცხადა ალენ სიმონიანმა.
მანამდე, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა კაია კალასმა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს მოუწოდა, 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ გამარჯვების აღლუმში არ მიიღონ მონაწილეობა და არ ეწვიონ რუსეთს, და განაცხადა, რომ ასეთ ნაბიჯებს შედეგები მოჰყვება. თუმცა კალასმა არ დააკონკრეტა, კონკრეტულად რა შედეგებზე იყო საუბარი.
მარტში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ მონაწილეობას მიიღებს 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ ღონისძიებებში, რომლებიც დიდი სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავს ეძღვნება.