აფხაზეთის პრეზიდენტმა საქართველოს მოუწოდა, აღიაროს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა
2 წუთი კითხვის

საქართველოსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობების დარეგულირებისათვის თბილისმა უნდა აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რადგან „გვიან თუ ადრე, მეზობლებს რეალობა უნდა მიიღონ. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ აფხაზეთის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ განაცხადა ТАСС-თან ინტერვიუში.
„თანამშრომლობისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების საკითხები შეიძლება გადაიჭრას მხოლოდ საქართველოს მიერ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარებისა და ძალის არგამოყენების შესახებ ფუნდამენტური დოკუმენტების ხელმოწერის კონტექსტში. და ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ საქართველო ნამდვილად მზად არის ასეთი ნაბიჯებისთვის. გვიან თუ ადრე, ჩვენს მეზობლებს უნდა ესმოდეთ და მიიღონ ის რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით“, – აღნიშნა გუნბამ.
„ამავდროულად, აფხაზეთი უკვე აღიარებულია რუსეთის ფედერაციის მიერ… ჩვენი სახელმწიფოებრიობის შემდგომი აღიარების საკითხი შეიძლება გადაწყდეს რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებშიც, რადგან სწორედ რუსეთია, ვინც მხარს გვიჭერს აფხაზეთის აღიარების გაფართოების საკითხში, რისთვისაც მადლიერები ვართ“, – დასძინა მან.
აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2025 წლის 3 მარტის სხდომაზე დაადასტურა საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტობის კანდიდატმა ბადრა გუნბამ მიიღო 54 954 ხმა (ჯამური ხმების 54,73%) და ამით გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში.