ერევანში, 5 თებერვალს, სომხეთისა და სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების გენერალური მდივნების ხელმძღვანელობით დელეგაციათა შეხვედრა გაიმართა.
როგორც „არმენპრესი“ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, მხარეებმა ხაზი გაუსვეს სომხეთ-სერბეთის პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა ერევანში სერბეთის საელჩოსა და პრაღაში სომხეთის საელჩოს ბელგრადის ოფისის საქმიანობა.
მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში ურთიერთდახმარების შესაძლებლობები, ასევე რეგიონული დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი.
წყაროს ცნობით, ხაზგასმით აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები, გამართული კონსულტაციები და მიმდინარე წელს დაგეგმილი ვიზიტები ახალ სტიმულს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და შემდგომ განვითარებას.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორ უწყებას შორის თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები, მათ შორის კვლევისა და ანალიტიკური პროექტების, ასევე ახალგაზრდა დიპლომატთა გაცვლითი პროგრამების მიმართულებით.
სერბეთის მხარეს წარედგინა „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასასრულს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა მდივანმა დავით კარაპეტიანმა და სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა მდივანმა დუშან კოზარევმა ხელი მოაწერეს „სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სკოლისა და სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმს.