რუსეთი სომხეთთან ურთიერთობებს აფასებს და მათი შემდგომი განვითარება სურს. „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, როცა კომენტარი გააკეთა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, რომ სომხეთი და აშშ 14 იანვარს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს მოაწერენ ხელს.
„ჩვენ გვაქვს ორმხრივი ურთიერთობები სომხეთთან, ვაფასებთ ამ ურთიერთობებს და მათი განვითარება გვსურს“ - აღნიშნა პესკოვმა.
მან ასევე დასძინა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარება სომხეთის სუვერენული უფლებაა. „ეს ჩვენი სომეხი მეგობრების აბსოლუტურად სუვერენული უფლებაა. ეს არის სომხეთის სუვერენული უფლება, განავითაროს ურთიერთობები ყველა მიმართულებით“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
პესკოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს არასოდეს უთამაშია განსაკუთრებული სტაბილიზაციის როლი სამხრეთ კავკასიაში.
მან დაამატა, რომ სომხეთი რუსეთთან თანამშრომლობის ფარგლებში ინტეგრაციული პროცესებიდან გარკვეულ დივიდენდებს იღებს.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა ადრე განაცხადა, რომ სომხეთი და აშშ 14 იანვარს ვაშინგტონში სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს მოაწერენ ხელს.