ერევანი, 8 იანვარი, არმენპრესი. სომხეთ-აზერბაიჯანის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურების განბლოკვის მიმართულებით სომხურმა მხარემ წარადგინა ყოვლისმომცველი წინადადებები, თუმცა დღემდე აზერბაიჯანისგან ოფიციალური პასუხი არ მიუღიათ.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ სომხეთმა წარადგინა „სამშვიდობო გზაჯვარედინის“ ინიციატივა, რომელიც ქმნის უფრო ფართო საერთაშორისო დღის წესრიგს, მათ შორის რეგიონული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურების განბლოკვას. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „მშვიდობოს გზაჯვარედინი“ რამდენიმე საერთაშორისო აქტორის მიერ დადებითად იქნა აღქმული.
„ინიციატივის ერთ-ერთი კომპონენტი სომხეთ-აზერბაიჯანის სატრანსპორტო მარშრუტების განბლოკვაა. ამ მიმართულებითაც ჩვენ აზერბაიჯანის მხარეს შევთავაზეთ გარკვეული წინადადებები. ეს შეთავაზება პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა გააჟღერა ყაზანში, შემდგომში კი, ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანის მეშვეობით, ჩვენ უფრო დეტალური და ოფიციალურ დოკუმენტში ასახული ვარიანტი მივაწოდეთ აზერბაიჯანს. შემიძლია ვთქვა, რომ აზერბაიჯანული მხარის თავდაპირველი რეაქცია (ყოველ შემთხვევაში, ჩემი აღქმით) საკმაოდ დადებითი იყო. სამწუხაროდ, დღემდე ამაზე ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია“, - განაცხადა მირზოიანმა.
მინისტრის თქმით, შეთავაზებები მოიცავს სომხეთის სამხრეთით გამავალი რკინიგზის განბლოკვას და ტვირთის ტრანზიტთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის საბაჟო და საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივებასა და ტვირთების უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავებას.