ერევანი, 29 ნოემბერი, არმენპრესი. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი 28 ნოემბერს ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მონაწილეობდა მრგვალი მაგიდის ფორმატის განხილვაში, რომელსაც ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების და ექსპერტული წრეების წევრები ესწრებოდნენ.
როგორც „არმენპრესი“ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, არარატ მირზოიანმა შესავალ სიტყვაში სომხეთის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები და ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და მდგრადობის განმტკიცებისკენ მიმართულ ძალისხმევა წარადგინა.
მინისტრმა ისაუბრა ახალი, ამბიციური პარტნიორობების განვითარების შესაძლებლობებზე და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე. არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის მთავრობა, არსებული გამოწვევების მიუხედავად, აგრძელებს დემოკრატიული რეფორმების გატარებას და ამ მიმართულებით თანამოაზრე პარტნიორებთან აქტიურ თანამშრომლობას.
მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის გაღრმავების დინამიკით, ახალი დღის წესრიგის შემუშავების გარშემო მიმდინარე დისკუსიებით და საზოგადოებაში არსებული განწყობებით მიმდინარე პერსპექტივების მიმართ.
განხილვისას ასევე იმსჯელეს რეგიონულ საკითხებზე. არარატ მირზოიანმა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების არსებული სიტუაცია მიმოიხილა და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირების პროცესის ბოლო მოვლენები წარმოადგინა. მან ხაზი გაუსვა სომხეთის მხრიდან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისკენ გამოხატულ პოლიტიკურ ნებას.
მინისტრის თქმით, „სომხეთი განსაკუთრებული მნიშვნელობის გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომლის პოტენციალის მაქსიმალურად გამოსაყენებლად ჩვენმა მთავრობამ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ კონცეფცია წარმოადგინა, რომელიც რეგიონული კომუნიკაციების ეფექტიან გახსნასა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას ემსახურება“.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა მონაწილეთა სხვა კითხვებსაც.