უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხში პროგრესი შესაძლოა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთნდობის განმტკიცების მნიშვნელოვან კომპონენტად იქცეს - ალენ სიმონიანი

5 წუთი კითხვის

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებამ ახალი შესაძლებლობები შექმნა გადაუჭრელი ჰუმანიტარული საკითხების გადასაწყვეტადაც. უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ბედის გარკვევის მიმართულებით პროგრესი შესაძლოა ურთიერთნდობის განმტკიცების მნიშვნელოვან კომპონენტად იქცეს.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე - „უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ბედი: ჰუმანიტარული დიალოგი და თანამშრომლობა“ - სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალენ სიმონიანმა განაცხადა.

კონფერენციის მონაწილეებთან მისალმებისას ალენ სიმონიანმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ღონისძიებაზე დამსწრე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი ახლობლების ბედის გარკვევა ერთობლივი ძალისხმევის ცენტრში დგას.

„უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა პრობლემა შეიარაღებული კონფლიქტების ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და ხანგრძლივი შედეგია. კონფლიქტები შეიძლება დასრულდეს, საბრძოლო მოქმედებები შეწყდეს, პოლიტიკური ურთიერთობები შეიცვალოს, მაგრამ დაკარგულ პირთა ოჯახებისთვის გაურკვევლობა თავისი მძიმე სოციალური, სამართლებრივი და ფსიქოლოგიური შედეგებით გრძელდება. სომხეთი საკუთარი გამოცდილებით იცნობს ამ პრობლემის სიმძიმეს. ჩვენთვის პრინციპულია თითოეული ოჯახის უფლების უზრუნველყოფა - იცოდეს თავისი დაკარგული ახლობლის ბედი“, - აღნიშნა სიმონიანმა.

მისი თქმით, ამ პრინციპის განსახორციელებლად სომხეთის რესპუბლიკა ბოლო წლებში თანმიმდევრულ მუშაობას ეწეოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და იდენტიფიცირებისთვის საჭირო ეროვნული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.

„კერძოდ, გაძლიერდა სასამართლო-სამედიცინო და სასამართლო-გენეტიკური ექსპერტიზის შესაძლებლობები, განხორციელდა სპეციალისტების გადამზადებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების პროგრამები. პარალელურად წარიმართა სამუშაოები სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების განმტკიცების კუთხით. მოქმედი უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში გრძელდება ძალისხმევა ინფორმაციის შეგროვებისა და კოორდინაციის, სამძებრო სამუშაოების ეფექტიანობის გაზრდისა და ოჯახებისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენის მიმართულებით. ეს ყველაფერი ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს პრობლემის უფრო სისტემური და პროფესიული გადაჭრისთვის“, - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

რეგიონულ მოვლენებზე საუბრისას სიმონიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებამ შესაძლებლობა შექმნა არა მხოლოდ ათწლეულების განმავლობაში არსებული პოლიტიკური და უსაფრთხოების პრობლემების დასაძლევად, არამედ გადაუჭრელი ჰუმანიტარული საკითხებისადმი ახალი მიდგომების ჩამოსაყალიბებლად.

„სომხეთი ერთგულია სამშვიდობო დღის წესრიგისა და დარწმუნებულია, რომ რეგიონში მყარი და გრძელვადიანი მშვიდობა უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთნდობას, თანამშრომლობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემას. ამავდროულად, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობა ხელშესახები უნდა იყოს იმ ოჯახებისთვისაც, რომლებიც ჯერ კიდევ ელიან ცნობებს თავიანთი ახლობლების შესახებ. ამ საკითხში პროგრესი შესაძლოა ურთიერთნდობის განმტკიცების მნიშვნელოვან კომპონენტად იქცეს. საკითხის გადაჭრა მოითხოვს პოლიტიკურ ნებას, თუმცა უპირველესად - ჰუმანიტარული პრინციპებით წარმართულ თანმიმდევრულ და პროფესიულ მუშაობას“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, მშვიდობა კიდევ უფრო მყარი ხდება მაშინ, როდესაც მას თან ახლავს ადამიანური ტკივილის აღიარება, წარსულის გადაუჭრელი საკითხებისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომა და მომავლისადმი ნდობის ფორმირება.

„სომხეთი მზადაა, განაგრძოს ძალისხმევა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ბედის გარკვევისა და მათი ოჯახების უფლებების დაცვის მიმართულებით. დღევანდელი კონფერენცია იძლევა შესაძლებლობას, შევაჯეროთ საერთაშორისო გამოცდილება, განვიხილოთ არსებული სამართლებრივი, პრაქტიკული და ადამიანური გამოწვევები და განვსაზღვროთ შემდგომი თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დისკუსია არ შემოიფარგლოს მხოლოდ პრობლემის დაფიქსირებით, არამედ ჩამოაყალიბოს მკაფიო პრაქტიკული წინადადებები და გადაწყვეტილებები, რომლებიც ადამიანების ცხოვრებაში რეალურ ცვლილებებს მოიტანს“, - დაასკვნა ალენ სიმონიანმა.

ქართული English فارسی Հայերեն Türkçe

იზნად დავისახეთ, რომ 2029 წელს სავიზო ლიბერალიზაცია გვქონდეს - სომხეთის პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ კონსტიტუციის მიღების შემთხვევაში მომდევნო არჩევნებზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი აღარ იქნება

სომხეთის მთავრობის სხდომა - პირდაპირი

ალენ სიმონიანი დეკემბერში აზერბაიჯანს ეწვევა

უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხში პროგრესი შესაძლოა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთნდობის განმტკიცების მნიშვნელოვან კომპონენტად იქცეს - ალენ სიმონიანი

ალენ სიმონიანის ბრიფინგი - პირდაპირი

ეროვნული ასამბლეის სხდომა - პირდაპირი

პრემიერ-მინისტრი სამხრეთში დელიმიტაციას TRIPP-ის განხორციელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად მიიჩნევს

ნიკოლ ფაშინიანმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაცია მიიღო

სი ძინპინს, ტრამპსა და პუტინს შენჟენში ხანმოკლე გასაუბრება ჰქონდათ