ეტაპობრივად სომხეთის სახელმწიფო საზღვრებზე სრულ კონტროლს ჩვენს სასაზღვრო სამსახურს გადავცემთ - ფაშინიანი
5 წუთი კითხვის
სომხეთის მთავრობა ეტაპობრივად სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებზე სრულ კონტროლს სომხეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურს დააკისრებს.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„მნიშვნელოვნად მიმაჩნია ხაზი გავუსვა იმას, რომ 1 ნოემბრიდან სომხეთში ამოქმედდა ბიომეტრიული პასპორტების სისტემა, რაც მეტად არსებითი და მასშტაბური რეფორმაა. დღეს ჩვენ დავნერგეთ სისტემა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ბიომეტრიული პასპორტების თანამედროვე ყველა მოთხოვნასა და პირობას, და ეს სისტემა ძალზე მნიშვნელოვანია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიღწევის გზაზე. რა თქმა უნდა, ამ ამოცანის გადასაჭრელად საკმაოდ რთული რეფორმებია საჭირო, რადგან თუ გვსურს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, ეს ნიშნავს, რომ სულ მცირე გარკვეული მიმართულებებით ევროკავშირის სტანდარტებს უნდა შევესაბამებოდეთ. სწორედ ამ საკითხის გადაჭრის კონტექსტში უნდა განხორციელდეს აუცილებელი სისტემების რეფორმირება, და მსურს ვთქვა, რომ ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამ გზით სიარული. რას გულისხმობს ეს? ეს გულისხმობს, კერძოდ, სასაზღვრო ჯარების სტატუსის გარკვეულ გარდაქმნას და იმას, რომ სულ მცირე საშუალოვადიან პერსპექტივაში სომხეთის რესპუბლიკის ყველა სახელმწიფო საზღვარი სომხეთის შესაბამისი სასაზღვრო სამსახურის მიერ უნდა კონტროლდებოდეს.
მთავრობის პროგრამაში ჩვენ უკვე შევეხეთ ამ თემას და თანმიმდევრული ნაბიჯებით გავუყვებით ამ გზას. მოგეხსენებათ, რომ წარსულში ჩვენი სასაზღვრო სამსახური სომხეთის რესპუბლიკის ყველა გამშვებ პუნქტსაც კი არ აკონტროლებდა, თუმცა უკვე რამდენიმე წელია, სომხეთის ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი ექსკლუზიურად სომხეთის სასაზღვრო ჯარების მიერ კონტროლდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად, სომხეთის რესპუბლიკის მთელი საზღვრის კონტროლს სომხეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურს გადავცემთ, რომელმაც ასევე რეფორმების გარკვეული გზა უნდა გაიაროს“, — აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან სომხეთ-ირანისა და სომხეთ-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვაში რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეებთან ერთად მონაწილეობენ ასევე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარები, ხოლო სომხეთ-ირანის სახელმწიფო საზღვრის საკონტროლო-გამშვებ პუნქტში სამსახურს სრულად სომხეთის რესპუბლიკის ეუს-ის სასაზღვრო ჯარების ძალები ახორციელებენ. 2024 წლის აგვისტოდან ერევნის აეროპორტ „ზვართნოცში“ სამსახურს მხოლოდ სომეხი მესაზღვრეები ეწევიან, მაშინ როცა მანამდე იქ მოვალეობას რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეებიც ასრულებდნენ. რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ძალები სომხურ მხარეს სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-ირანის სახელმწიფო საზღვრის დაცვას 1992 წლიდან ახორციელებენ.
ბიომეტრიულ პასპორტებზე საუბრისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მათთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და სასიამოვნო სიახლეა ის, რომ ბიომეტრიული პასპორტის მფლობელებს უახლოეს მომავალში სომხეთის საზღვრის გადაკვეთა ელექტრონული გამშვები პუნქტების (e-gate სისტემის) მეშვეობით შეეძლებათ.
„რა არის ამის თავისებურება? ის, რომ არანაირი კონტაქტი არ ხდება თანამშრომელთან. ეს სისტემა უკვე მოქმედებს ბევრ ქვეყანაში. პირველად ასეთი შესაძლებლობა „ზვართნოცის“ აეროპორტში შეიქმნება, შემდეგ კი — გამონაკლისის გარეშე სომხეთის ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში. რა თქმა უნდა, შემდგომში უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები, რათა სომხეთის მოქალაქეებისთვის ეს მომსახურება ხელმისაწვდომი გახდეს სხვა ქვეყნებშიც, რადგან თითოეული ქვეყნის რეგულაციებს თავისი სპეციფიკა აქვს და არსებობს ამ სერვისების ურთიერთხელმისაწვდომობის დღის წესრიგი. რა არის თავისებურება? ის, რომ უნდა არსებობდეს შესადარებელი საბაზისო ინფორმაცია. როდესაც ბიომეტრიული პასპორტი თავსდება, სისტემას უნდა ჰქონდეს რაღაც შესადარებლად — არის თუ არა ეს პირი სწორედ ის ადამიანი, რა სახელითაც წარდგება. სომხეთის შემთხვევაში, როდესაც მოქალაქე ამას თავის ქვეყანაში აკეთებს, არავითარი სირთულე არ არსებობს, რადგან ყველა სისტემა თავსებადია, და როდესაც მოქალაქე სისტემას პასპორტს მიუტანს, სისტემა მოსახლეობის სახელმწიფო რეესტრიდან ბიომეტრიული სისტემის მეშვეობით სწრაფად ამოწმებს, რამდენად შეესაბამება მონაცემები რეალობას. უცხო ქვეყნებში მსგავსი მომსახურებით სარგებლობისთვის ჩვენ ქვეყნებთან ინფორმაციის გაცვლის გარკვეული სისტემა უნდა გვქონდეს, ეს კი უკვე ორმხრივი შეთანხმებების საკითხია“, — განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.