საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანს მიულოცა
2 წუთი კითხვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა არარატ მირზოიანს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავინდებურად მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებაში, ასევე საუკუნეთა სიღრმიდან მომავალი მეგობრობის, ორმხრივი პატივისცემისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებაში, რაც ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის სტაბილური და მყარი კავშირების საიმედო საძირკველია“, — ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართვაში.
სომხეთის მთავრობა 2 აგვისტოს გადადგა, ვინაიდან იმ დღეს მუშაობას შეუდგა 7 ივნისს სომხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული პარლამენტის პირველი სესია. სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, ახალი პარლამენტის პირველი სესიის გახსნის დღეს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ გადადგომის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2 აგვისტოს ხელი მოაწერა მთავრობის გადადგომის განცხადებას, რომელიც პრეზიდენტის აპარატში გადაიგზავნა. პრეზიდენტმა მთავრობის გადადგომა დაამტკიცა, რის შემდეგაც ახლადფორმირებულ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებულმა პარტიამ „სამოქალაქო ხელშეკრულებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა წარადგინა, რის საფუძველზეც პრეზიდენტმა ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელახლა დანიშნა.
3 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წარდგინებით, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ასევე დანიშნა მინისტრები და ვიცე-პრემიერები. არარატ მირზოიანი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დაინიშნა.