ევროპულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობის შემდეგ, დღის წესრიგში შეიძლება დადგეს სომხეთის ევროკავშირში სრულუფლებიანი გაწევრიანების საკითხი - ფაშინიანი
4 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკვე ძალიან დიდხანს არის ქვეყნის ნომერ პირველი პარტნიორი დემოკრატიული რეფორმების გზაზე.
„არმენპრესის“ ცნობით, ფაშინიანმა ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას, ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომელიც შეეხებოდა ევროკავშირთან მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის უწყვეტობას, ახლახან ხელმოწერილ სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს და იმას, თუ როგორ ხედავს ურთიერთობების გაღრმავებას და ხომ არ აზიანებს ეს სომხეთის ბალანსირებულ საგარეო პოლიტიკას.
„ევროკავშირი ძალიან დიდი ხანია სომხეთის ნომერ პირველი პარტნიორია დემოკრატიული რეფორმების საქმეში, მათ შორის, 2018 წლის რევოლუციამდეც. სხვა საკითხია, რამდენად ეფექტურად და გულწრფელად ხორციელდებოდა ეს დღის წესრიგი.
ახლა, არჩევნების შემდეგ, მიმაჩნია, რომ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რათა, როგორც უკვე ვთქვი, გადავტვირთოთ სომხეთის დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი. წინა პერიოდში ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებოდით ამ გზას, თუმცა ამ პროცესს მუდმივად თან ახლდა დიდი პრობლემები - კოვიდი, ომი, ომისშემდგომი სიტუაცია. ანუ, პრაქტიკულად, რეალურად არ მოგვცემია შესაძლებლობა, სრულად ვყოფილიყავით კონცენტრირებული დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგზე.
როგორც არჩევნები, ისე ეს ახალი პერიოდი და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების ახალი დონე და მასშტაბი ჩვენთვის ისტორიულ შანსს ქმნის. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ ჩვენი სტრატეგია. პირველი ამოცანა, რომელიც უნდა გადავჭრათ, არის ევროკავშირის სტანდარტებთან სრული, გულწრფელი და მთლიანი შესაბამისობა. ეს არის პირველი სტრატეგიული ამოცანა, რომლის შესრულების შემდეგ უკვე კონკრეტულ სამოქმედო დღის წესრიგად შეიძლება იქცეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა, რაც უკვე პოლიტიკური საკითხია.
მაგრამ, როგორც წარსულშიც მითქვამს, როდესაც ჩვენ სრულად და გულწრფელად შევესაბამებებით ევროკავშირის სტანდარტებს, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. თუმცა, ეს ასევე არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც დამოკიდებულია ყველაზე სხვადასხვა ფაქტორზე. თუ ჩვენ შევძლებთ ევროკავშირის წევრობას, ეს იქნება უდიდესი მიღწევა, თუ რაიმე მიზეზით, ვთქვათ, ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ აღარ გაფართოვდეს, ამ შემთხვევაშიც ჩვენ მაინც დიდ მოგებაში დავრჩებით, რადგან ვიქნებით ქვეყანა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის კრიტერიუმებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მან დასძინა, რომ ეს კეთდება არა ევროკავშირისთვის, არამედ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის, თავად სომხეთისთვის, და სწორედ ეს არის ის სტრატეგიული მიზანი, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება ისახავს.
ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც რეგიონული კომუნიკაციების გახსნას უკავშირდება.
„საბოლოო ჯამში, წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ მქონია შემთხვევა მეთქვა, რომ სომხეთის რესპუბლიკა კონფლიქტის ჩიხიდან მშვიდობის გზაჯვარედინად იქცევა. ეს ისტორიული მოვლენაა და ჩვენ მადლობელი ვართ ევროკავშირის, რომელიც ამ ძალისხმევაში თანმიმდევრულად და სრულად უჭერს მხარს სომხეთს და სომეხ ხალხს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევთ. ახლაც კი, როდესაც წარსულს გადავხედავთ, წარმოუდგენელია, რა სისწრაფით განვითარდა ბოლო წლებში სომხეთის რესპუბლიკისა და ევროკავშირის ურთიერთობები. არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ განვითარების ეს ტემპები შენელდება, და მე ამით ძალიან მოხარული ვარ“, - დასძინა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.