ფაშინიანმა თურქეთსა და აზერბაიჯანთან ელექტროგადამცემი ხაზებისა და ინტერკონექტორების მშენებლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი
3 წუთი კითხვის

სომხეთი დაინტერესებულია ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებით კავშირგაბმულობის, ენერგეტიკისა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროებში.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში სომხეთმა და ევროკავშირმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ურთიერთკავშირების გაძლიერების მიმართულებით.
„ამის ნათელი დასტურია სომხეთი-ევროკავშირის სამიტის ფარგლებში კავშირების პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის მიღება, ასევე გასულ კვირას ბრიუსელში გამართულ მინისტერიალზე სომხეთსა და ევროკომისიას, ისევე როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის განზრახულობათა დეკლარაციისა და დასტურის წერილის ხელმოწერა, რაც სომხეთის სამი სასაზღვრო გამშვები პუნქტისა და ორი ჩრდილოეთის ავტომაგისტრალის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას ეხება“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკის სფეროში სომხეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია ენერგიის გამანაწილებელი და დამგროვებელი სადგურების მშენებლობა, რაც განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის უფრო ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობას შექმნის.
„ჩემს კოლეგასთან ერთად განვიხილეთ ამ მიმართულებით ევროკავშირის მხარდაჭერის დადასტურებისა და გამოყოფის საკითხიც“, - თქვა მან.
„მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივაზე საუბრისას, ფაშინიანმა ხაზი გაუსვა ენერგეტიკული კავშირების გაფართოებას, მათ შორის თურქეთსა და აზერბაიჯანთან ელექტროგადამცემი ხაზებისა და ინტერკონექტორების მშენებლობას.
„ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, ისე მწვანე გადასვლის მიზნების რეალიზებას“, - განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი დაინტერესებულია ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობით ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროებში, რათა შეიქმნას გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპული კერძო ინვესტიციების ზრდას.
„ამ კონტექსტში მნიშვნელოვნად მიმაჩნია სომხეთის მონაწილეობა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელისა და ციფრული მაგისტრალის პროექტებში“, — დასძინა მან.
ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს სომხეთის დემოკრატიული ინსტიტუტების, ეკონომიკური მედეგობისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით გაწეული მუდმივი მხარდაჭერისთვის, რაც ემსახურება ხალხთა კეთილდღეობასა და სომხეთი-ევროკავშირის კავშირების შემდგომ განმტკიცებას.