პოლიტიკური

შთამბეჭდავია სომხეთის პროგრესი ვიზალიბერალიზაციის გზაზე - ურსულა ფონ დერ ლაიენი

3 წუთი კითხვის

შთამბეჭდავია სომხეთის პროგრესი ვიზალიბერალიზაციის გზაზე - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთისთვის ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით თავდაუზოგავად შრომობს და ხელშესახები პროგრესი აქვს.

„არმენპრესის“ ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამ თემას ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეეხო - პასუხად კითხვაზე, თუ რა ვადებში იქნება შესაძლებელი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიღწევა.

„სომხეთი ერთადერთი პარტნიორია, რომელიც ამჟამად ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის აქტიურ დიალოგში იმყოფება. ეს უკვე მეტყველებს ჩვენი პარტნიორობის დონეზე. აპრილში ჩვენ გამოვაქვეყნეთ სამოქმედო გეგმის პროგრესის ანგარიში. ვიცით, რომ თქვენ ამ დღის წესრიგის ერთგული ხართ და მადლობას გიხდით ამისთვის. შთამბეჭდავია ამ პროგრესის ხილვა და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სომხეთისთვის. შეფასების ახალი მისიები ჩამოვლენ - ამ შემოდგომაზე იგეგმება მორიგი ვიზიტი, რათა შეფასდეს პროგრესი და პროცესები დარჩენილი კრიტერიუმების მიმართულებით“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მან დასძინა, რომ ვიზალიბერალიზაცია არის პროცესი, რომლის რეალიზებაც მთელი რიგი აუცილებელი რეფორმების გატარების შემთხვევაშია შესაძლებელი.

„თქვენ კარგ გზაზე ხართ, ამ მიმართულებით ბევრს მუშაობთ, ეს მე ვიცი. ყველა საჭირო პირობის დაკმაყოფილების შემდეგ, ჩვენ შევძლებთ უვიზო რეჟიმზე გადასვლას. უბრალოდ საჭიროა გარკვეული რეფორმები, და როდესაც ისინი დასრულდება, თქვენ ფინიშის ხაზს გადაკვეთთ“, - დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შეახსენა დამსწრეებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მან უკვე განაცხადა მთავრობის მიზნებზე - დაასრულოს ეს პროცესი ორ წელიწადში. მან იმედი გამოთქვა, რომ უკვე 2029 წლისთვის სომხეთს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ექნება.

„ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული. ხშირ შემთხვევაში კითხვები ევროკავშირს კი არ უნდა დავუსვათ, არამედ საკუთარ თავს - რამდენად მზად ვართ და რა ხარისხით შევასრულებთ რეფორმების დღის წესრიგს. ერთი რამ აშკარაა: სომხეთის მოსახლეობა ელოდება ამ გადაწყვეტილებას და მათ შორის ამ გადაწყვეტილებას მისცა ხმა არჩევნებშიც. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვავს უფლება ხელიდან გავუშვათ ეს შესაძლებლობა და იმედი მაქვს, ვიმოქმედებთ საკმარისად სწრაფად და ეფექტურად, რათა ეს ამოცანა ზუსტ ვადებში გადავჭრათ“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

წაიკითხეთ სტატია: العربيةEnglishՀայերենРусскийTürkçe
AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0001, აბოვიანი 9

+374 10 539818
[email protected]
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2026 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT