სერდარ ქილიჩმა რუბენ რუბინიანს სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეობის კანდიდატად შერჩევა მიულოცა
1 წუთი კითხვის
სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში თურქეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა სერდარ ქილიჩმა რუბენ რუბინიანს მიულოცა სომხეთის მმართველი პარტიის, „სამოქალაქო შეთანხმების“ მიერ ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეობის კანდიდატად შერჩევა.
„არმენპრესის“ ცნობით, ქილიჩმა ამის შესახებ X-ის საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.
„ვულოცავ ჩემს კოლეგას თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში, რუბენ რუბინიანს, სომხეთის პარლამენტის სპიკერის პოსტზე წარდგენას. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ შევქმენით ეფექტური სამუშაო კულტურა და გულწრფელი მეგობრობა. ვუსურვებ მას შემდგომ წარმატებებს ახალ ამპლუაში“, - წერს ქილიჩი.
პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ გამგეობამ 25 ივნისს გამართული ფარული კენჭისყრით ახლად ფორმირებადი პარლამენტის ხელმძღვანელის პოსტზე კანდიდატად ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერი, სომხეთ-თურქეთის მოწესრიგების პროცესში სომხეთის წარმომადგენელი რუბენ რუბინიანი შეარჩია.