მირზოიანმა ესტონელ კოლეგას აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობების მოწესრიგების პროცესის დეტალები გააცნო
1 წუთი კითხვის

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ერევანში გამართული შეხვედრისას რეგიონული საკითხები განიხილეს.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„განვიხილეთ რეგიონული საკითხები. ესტონეთს მადლობა გადავუხადეთ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისთვის.
ვისაუბრეთ ამ დღეებში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, აღმოსავლეთ ევროპაზე, იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს მსოფლიო დგას, ამავდროულად ვცადეთ აზრთა გაზიარება შესაძლო გადაჭრის გზების ირგვლივ“, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
არარატ მირზოიანმა ესტონელ კოლეგას გააცნო სომხეთ-აზერბაიჯანისა და სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების მოწესრიგების, ინფრასტრუქტურის დებლოკირების, TRIPP პროექტისა და ამ მიმართულებით მიმდინარე სამუშაოების დეტალები.