სომხეთი და თურქეთი განიხილავენ ორი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში ერთმანეთის სტუდენტებისთვის სტიპენდიების დაწესების შესაძლებლობას
1 წუთი კითხვის

სომხეთსა და თურქეთს შორის განიხილება ორი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში ერთმანეთის სტუდენტებისთვის სტიპენდიების დაწესების შესაძლებლობა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა საგარეო უწყების 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.
მინისტრმა განმარტა, რომ ამ დროისთვის სომხეთსა და თურქეთს საკმაოდ დინამიკური, აქტიური და იმედისმომცემი დიალოგი აქვთ.
არარატ მირზოიანმა დამსწრეებს შეახსენა, რომ ერევანსა და ანკარას შორის უკვე არსებობს კონკრეტული შეთანხმებები, რომელთა განხორციელების მიმართულებითაც ორივე ქვეყანა წინ მიიწევს.
„მხარეებს შორის ახლა განიხილება ორი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში ერთმანეთის სტუდენტებისთვის სტიპენდიების დაწესების შესაძლებლობაც კი“, - განაცხადა მირზოიანმა.
მან ასევე დასძინა, რომ 2025 წლის განმავლობაში სომეხ და თურქ ოფიციალურ პირებს შორის მრავალი შეხვედრა და კონტაქტი შედგა, რაც მოწმობს ორ სახელმწიფოს შორის დინამიკურად მიმდინარე დიალოგს.