სომხეთსა და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები საკმაოდ მსგავსი ხასიათისაა։ ექსპერტები განიხილავენ მათ გადალახვის საერთო გზებს
4 წუთი კითხვის

სომეხი და ქართველი ჟურნალისტებისა და ექსპერტებისთვის თავუშის ოქლში ორგანიზებული მედია ტურის მიზანი იყო სომხეთისა და საქართველოს მედიასა და ანალიტიკურ წრეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება, ასევე თანამშრომლობის პოტენციური შესაძლებლობების შეფასება და პროგნოზირება.
„არმენპრესი“-ს ინფორმაციით, ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის ცენტრის უფროსი მრჩეველი არმენ პეტროსიანი, როდესაც სომხურ-ქართული ფორუმის დელეგაცია ეწვია ვოსკეპარისა და კირანცის თემებს․
მისი თქმით, ექსპერტები, როგორც წესი, უფრო თავისუფლად საუბრობენ მეგობარ ქვეყნებს შორის არსებულ პრობლემებზე და შესაძლებლობებზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას იმისთვის, რომ მთავრობებს შესთავაზონ მომავალი ნაბიჯები თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით․
„ამ კონტექსტში, შემთხვევითი არ არის, რომ კონფერენცია სწორედ თავუშის ოლქში ტარდება, რომელიც საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებთან ერთად შეიძლება გახდეს ერთობლივი პროგრამების განხორციელების პლატფორმა. ეს პროგრამები შეიძლება იყოს როგორც ეკონომიკური, ისე ტურისტული მიმართულებით და გააჩინოს ახალი შესაძლებლობები ორივე ქვეყნისთვის. დაგეგმილია ექსპერტული სომხურ-ქართული ფორუმიც დილიჯანში, სადაც ექსპერტები შეაფასებენ ორმხრივ ურთიერთობებს და ისაუბრებენ სტრატეგიული პარტნიორი მეზობლების ჯერაც გამოუყენებელ პოტენციალზე, რაც აუცილებლად უნდა ამოივსოს“, – განაცხადა პეტროსიანმა.
მისი თქმით, ფაქტობრივად, დღეს ისეთ ვითარებაში ვცხოვრობთ, როცა გამოწვევები მხოლოდ ცალკეული ქვეყნების კი არა, მთელი რეგიონის წინაშე დგას. დღევანდელ მსოფლიოში სომხეთისა და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები იმდენად ახლოს დგას ერთმანეთთან, რომ ფორუმის ფარგლებში ექსპერტები შეეცდებიან შეაფასონ ყველა ის შესაძლებლობა, რაც ერთობლივად შეიძლება იქნას გამოყენებული საერთო საფრთხეებისა და გამოწვევების დასაძლევად, რომლებიც მთელ რეგიონს ემუქრება.
„ეს შეიძლება ასევე სიგნალი იყოს აზერბაიჯანისთვისაც, რადგან გამოწვევები ცალკეულ ქვეყნებს კი არა, მთლიანად რეგიონს შეეხება. შესაძლოა სამხრეთ კავკასიის სამმა ქვეყანამ ერთობლივი ძალისხმევით გაცილებით ეფექტურად შეძლოს მათი დაძლევა. ექსპერტული განხილვისას, გარდა ორმხრივი ურთიერთობებისა, ჩვენ ამ საკითხებსაც განვიხილავთ. ღონისძიებას აქვს კულტურული კომპონენტიც – ქართველ სტუმრებს ვაჩვენებთ ჩვენს მუზეუმებს, მონასტერს, რის შემდეგაც ისინი გაემგზავრებიან საქართველოში“, – აღნიშნა პეტროსიანმა.
მისი თქმით, ასეთი მედია ტურები უკვე იქცა ცენტრის საქმიანობის ტრადიციულ მიმართულებად. მანამდე გაიმართა მსგავსი შეხვედრები მედიისა და ექსპერტული წრეების წარმომადგენლებთან რუსეთიდან, ირანიდან და ბოლო დროს თურქეთიდანაც.
„მიზანი უცვლელია – უფრო თავისუფალ, ექსპერტულ დონეზე გამოიკვეთოს საერთო პრობლემები და შესაძლებლობები და მედიის მეშვეობით მიეწოდოს ის რეგიონის ქვეყნების საზოგადოებებს“, – დაასრულა პეტროსიანმა.