საგარეო საქმეთა მინისტრი შემაშფოთებლად მიიჩნევს სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის პროცესში არსებულ პრობლემებს
2 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის აზრით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ სომხეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის ან გასაუბრებების პროცესი შემაშფოთებელია, თუმცა საკითხის საუკეთესო გადაწყვეტა ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის ეფექტიანი და მაქსიმალურად სწრაფი დასრულებაა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნულზე ისაუბრა ეროვნულ ასამბლეაში, სადაც შეეხო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ ვიზების გაცემასთან დაკავშირებულ სირთულეებს.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ჩვენი მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის ან გასაუბრებების პროცესი მართლაც შემაშფოთებელია. ჩვენ ეს საკითხი მუდმივად ვუზიარებთ ჩვენს პარტნიორებს. ისმის ტექნიკური და ფინანსური ხასიათის არგუმენტები. ვაღიარებ პრობლემის ლეგიტიმურობას და არსებობას. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ვამბობ, რომ ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ევროკავშირელ პარტნიორებთან ერთად“, – აღნიშნა მირზოიანმა.
მირზოიანის აზრით, საკითხის საუკეთესო გადაწყვეტაა ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის ეფექტიანი და რაც შეიძლება სწრაფი დასრულება.
„საიდუმლო არ არის, რომ სომხეთს საკუთარი წილი სამუშაოს შესრულება ევალება და ეს მხოლოდ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული, დაწყებული ბიომეტრიული პასპორტების სისტემის დანერგვით, დამთავრებული მრავალი საკითხის მოწესრიგებით“, – ხაზი გაუსვა მირზოიანმა.
რაც შეეხება კითხვას, მიმართა თუ არა სომხეთმა ოფიციალურად ბრიუსელს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, მინისტრმა აღნიშნა – არა, მსგავსი განცხადება არ ყოფილა წარდგენილი.
ბოლო პერიოდში სომხეთის მოქალაქეებისგან არაერთი საჩივარი ისმის სომხეთში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების მხრიდან შენგენის ვიზების გაცემის პროცესთან დაკავშირებით.