2 წუთი კითხვის

გეღარქუნიქის ოლქსა და საფრანგეთის იზერის დეპარტამენტს შორის კულტურული თანამშრომლობის ფარგლებში, გავარის ქალაქში გაიმართა ცეკვის ფესტივალი. 14 ჯგუფი წარსდგა თანამედროვე ცეკვებით. უკვე 6 წელია ფრანგული „ჰალე ეგაიანის“ ანსამბლის სპეციალისტები სომეხ მოზარდებთან ერთად მუშაობენ. ისინი ერთად ცდილობენ ტრადიციულ ცეკვებთან ერთად თანამედროვე ცეკვების განვითარებასაც.
როგორც „არმენპრესს“ განუცხადა გეღარქუნიქის გუბერნატორის აპარატის განათლების, კულტურის და სპორტის დეპარტამენტის უფროსმა კარენ ზაზიანმა, ანსამბლის ქორეოგრაფების ვიზიტები წელიწადში სამჯერ ტარდება, ამ დროს კი 30-ზე მეტ ახალგაზრდასთან 3-დღიანი მასტერკლასი იმართება. ყოველწლიურად პროგრამის ფარგლებში 100-მდე ბავშვი და ახალგაზრდა მონაწილეობს თანამედროვე ცეკვის სახელოსნოებში.
„ჩემს ერთ ქართველ მეგობარს ვკითხე: რას ნიშნავს შენთვის ეს თანამშრომლობა? მან მითხრა: მთავარი არ არის ის, რომ შენ სომეხი ხარ, მე კი ფრანგი, მთავარია ის, რომ ორივე მოცეკვავე ვართ. ცეკვის ფესტივალი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ შევერთდეთ არა უბრალოდ ფრაზით „მე მიყვარს სომხები...“ ან „მე მიყვარს ფრანგები...“, არამედ კულტურული დიალოგით და ცოდნის გაცვლით“, – განაცხადა ლიონის ცეკვის ჯგუფის ხელმძღვანელმა ბრუნო მიეშომ.
თანამედროვე ცეკვის სწავლების პროგრამაში ჩართული არიან ოლქის ხელოვნების სკოლების ცეკვის ჯგუფები და ფრანგული ენის სწავლის წრეების მოსწავლეები. ფესტივალში მათ შეუერთდნენ მოცეკვავეები სიუნიქის ოლქიდანაც. მრავალი ცეკვის ჯგუფი მოყვარულთა დონეზეა და ჩამოყალიბებულია კულტურული ინიციატივის ფარგლებში. მონაწილეები არა მხოლოდ სხვა ერების, არამედ სომხეთის სხვადასხვა რეგიონების ცეკვის ტრადიციებსაც ეცნობიან.
ორდღიანი ფესტივალის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, ხოლო საუკეთესო ორ ჯგუფს დააჯილდოეს გეღარქუნიქის გუბერნატორის აპარატმა და გავარის მუნიციპალიტეტმა.