სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დეპუტატმა ოსლოში ნორვეგიის პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა
2 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის „სამოქალაქო შეთანხმება“ ფრაქციის დეპუტატი, საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე სარგის ხანდანიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ოსლოში ნორვეგიის პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, შეხვედრების შედეგების შესახებ ინფორმაცია სომხეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა․
„შევხვდი ნორვეგიის პარლამენტის (სტორტინგი) საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ინეს ერიქსენ სორეიდეს. განვიხილეთ სომხეთსა და ნორვეგიას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, განსაკუთრებით ხაზი გავუსვით სტორტინგის სპიკერის სომხეთში ვიზიტის მნიშვნელობას ჩრდილოეთ ევროპის და ბალტიის ქვეყნების (NB8) პარლამენტების ხელმძღვანელების ფორმატში.
ასევე შევხვდი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელს სივ მოსლეტს, დელეგაციის წევრებს ალექსანდერ სტოკებოს და იან ტორე სანერს. განვიხილეთ უსაფრთხოების ვითარება ეუთოს რეგიონში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში, ასევე ჩვენი დელეგაციების თანამშრომლობის საკითხები ასამბლეაში.
ოსლოში შეხვედრა მქონდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივან ეივინდ ვად პეტერსენთანაც. მადლობა გადავუხადე ნორვეგიის მთავრობას სომხეთის ეროვნული ასამბლეის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მიმართული პროგრამის, „ახალი სომხეთი, თანამედროვე პარლამენტი“ მხარდაჭერისთვის, მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული ჩვენი თანამემამულეებისადმი გაწეული დახმარებისთვის, ასევე ევროპის საბჭო-სომხეთის სამოქმედო პროგრამის დაფინანსებისთვის.
განვიხილეთ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი. ბატონმა პეტერსენმა ხაზი გაუსვა მშვიდობის შეთანხმების ტექსტზე შეთანხმების ფაქტის მნიშვნელობას და მის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერაზე ყურადღება გაამახვილა. ვისაუბრეთ ასევე სომხეთსა და ევროკავშირს შორის ღრმავებულ ურთიერთობებსა და პერსპექტივებზე“, – დაწერა სარგის ხანდანიანმა.