სომხეთის ფფ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, როდის გახდება ცნობილი სომხეთსა და საქართველოს ერთობლივი განაცხადის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება
1 წუთი კითხვის

2029 წლის 20-წლამდელთა საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის სომხეთისა და საქართველოს მიერ წარდგენილი ერთობლივი განაცხადის შესახებ გადაწყვეტილება ცნობილი გახდება მიმდინარე წლის სექტემბრამდე.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა არმენ მელიქბეკიანმა განაცხადა.
„საბოლოო გადაწყვეტილება ამ წლის სექტემბრამდე იქნება ცნობილი. მე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი შევხვდით უეფა-ს პრეზიდენტს. უეფა მხარს უჭერს სომხეთისა და საქართველოს ერთობლივ განაცხადს“, – განაცხადა მელიქბეკიანმა.
მისივე თქმით, შეხვედრა გაიმართა ფიფას შესაბამის წარმომადგენლებთანაც და მათგანაც მიღებულია პოზიტიური შეფასება.
„ჯერ კიდევ არ ვიცით, ვინ იქნება ჩვენი კონკურენტი მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრძოლაში“, – აღნიშნა მან.
სომხეთმა და საქართველომ ფიფას ერთობლივი განაცხადით მიმართეს, რათა 2029 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლები გახდნენ. უეფა-მ დაადასტურა მხარდაჭერა სომხეთისა და საქართველოს ერთობლივი განაცხადის მიმართ.