ამ ეტაპზე შეთანხმება არ არსებობს სომხეთისა და აზერბაიჯანის სადელიმიტაციო კომისიების მომდევნო შეხვედრის შესახებ. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 31 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, კომისიების ბოლო შეხვედრაზე მიღწეული იყო შეთანხმება შეხვედრების გაგრძელების შესახებ. „როდესაც კონკრეტული შეთანხმება იქნება მიღწეული, შეხვედრის დღის და საათის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო პროცესზე საუბრისას, ფაშინიანმა 2024 წელს ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი. „ჩვენ მზად ვართ და გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ 2024 წელს სადელიმიტაციო პროცესი ძალიან კონკრეტული გახდა. ჩვენ აზერბაიჯანთან პირველი ორმხრივი სახელმწიფოებრივი დოკუმენტი გვაქვს, რომელიც ორივე ქვეყნის სამართლებრივი პროცედურებით დამტკიცდა, რაც ფუნდამენტური მნიშვნელობის მოვლენაა. უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ უახლოეს პერიოდში კომისიები კონცენტრირდებიან საქართველოს საზღვრიდან ირანის საზღვრამდე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთების დადგენაზე“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სამშვიდობო ხელშეკრულების და მისი შესაძლო ხელმოწერის საკითხზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტში არსებული 17 მუხლიდან 15 უკვე შეთანხმებულია.
„ორი შეუსაბამო პუნქტი რჩება, რომელთა შესახებაც სომხეთის რესპუბლიკამ უკვე შესთავაზა გადაწყვეტილებები. ერთ-ერთი ეხება მესამე ქვეყნების სამხედრო ძალების წარმომადგენლების საზღვრის გასწვრივ არგანთავსებას. ჩვენ ვთავაზობთ, რომ ეს წესი მხოლოდ დემარკირებულ საზღვრის მონაკვეთებზე გავრცელდეს.
ასევე, არის საკითხი საერთაშორისო სასამართლოებიდან სამართლებრივი დავების გაწვევასთან დაკავშირებით, რაც გარკვეულ პირობებში ჩვენთვის შესაძლოა მისაღები იყოს. იდეა ასეთია ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ არა მხოლოდ საერთაშორისო სასამართლოებიდან ვიწვევთ საქმეებს, არამედ მთლიანად ვამბობთ უარს ამ დავებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება წარმოიქმნას სიტუაცია, როცა ჩვენ ჩვენი საქმეები გავწვიეთ, აზერბაიჯანმაც თავისი, მაგრამ შემდეგ ეტაპზე აზერბაიჯანმა იგივე საკითხები ორმხრივ მოლაპარაკებებში დააყენოს და ამის შედეგად ესკალაციები დაიწყოს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ დავკარგავთ შესაძლებლობას, საერთაშორისო პლატფორმები გამოვიყენოთ ამ ესკალაციის რისკების სამართავად.
ამიტომ, თუ ამ დავებზე მთლიანად უარს ვიტყვით, ეს ჩვენთვის შეიძლება მისაღები იყოს და ამ მიმართულებით ვმუშაობთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.