ახლო მომავალში სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების სრულ დარეგულირებას მივაღწევთ - მირზოიანი
2 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი გრძელდება და ახლო მომავალში შესაძლებელია ახალი პროგრესის დაფიქსირება. „არმენპრესის“ ცნობით, ეროვნული ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველწლიური ანგარიშის განხილვისას, მინისტრმა სომხეთ-თურქეთის დიალოგსა და ბოლო პერიოდში გაწეულ სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება.
„თურქეთთან ჩვენი დიალოგი გაგრძელდა, გაიმართა გიუმრი-ყარსის რკინიგზის აღდგენის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრები, ასევე არაერთი სხვა შეხვედრა“, - განაცხადა მირზოიანმა.
მისი თქმით, ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში უახლოეს პერიოდში ხელშესახები შედეგებია მოსალოდნელი.
„ჩემი მოლოდინი და მოსაზრებაა, რომ ძალიან ახლო მომავალში, გარკვეულ ეტაპზე, გვექნება ხელშესახები პროგრესი თურქეთთან ჩვენი ურთიერთობების სრული დარეგულირების თვალსაზრისით“, - აღნიშნა მინისტრმა.
მირზოიანმა ასევე რწმენა გამოთქვა, რომ ნორმალიზაციის პროცესი თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივა.
„მინდა რწმენა გამოვთქვა, რომ უახლოეს მომავალში, არსებითად, სრული დარეგულირება გვექნება“, - განაცხადა მან.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის უკვე არსებობს პირდაპირი ვაჭრობა.
„მხოლოდ ბოლო მოვლენას აღვნიშნავ. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ეხება საანგარიშო პერიოდს, ჩვენ ახლა სომხეთსა და თურქეთს შორის გვაქვს პირდაპირი ვაჭრობა - საბაჟო თვალსაზრისით პირდაპირი, გეოგრაფიულად კი ეს ჯერ კიდევ მესამე ქვეყნების ტერიტორიის გავლით ხორციელდება“, - თქვა მირზოიანმა.