ერევანი, 18 ოქტომბერი, არმენპრესი. სტამბოლში გასამართ „3+3“ რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის მესამე შეხვედრის მონაწილე მხარეები - სომხეთი, რუსეთი, ირანი, თურქეთი და აზერბაიჯანი გეგმავენ შეხვედრის შედეგების საფუძველზე ერთობლივი დეკლარაციის მიღებას.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ თურქულმა ტელეარხმა TRT Haber-მა განაცხადა, დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროს ცნობით, მიღებულ დოკუმენტში ხაზგასმული იქნება რეგიონის ქვეყნებს შორის არსებული პრობლემების დიალოგის გზით გადაწყვეტის მნიშვნელობა, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობა, შიდა საქმეებში ჩაურევლობა, ძალის გამოყენების მუქარის აკრძალვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა.
აღნიშნულია, რომ შეხვედრის მონაწილეები ასევე ისაუბრებენ ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების შესახებ, მათ შორის რეგიონალური სატრანსპორტო დერეფნების შექმნის საკითხზე.
ცნობილია, რომ შეხვედრის მონაწილეებს უმასპინძლებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. საქართველო „3+3“ პლატფორმის შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
მანამდე, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი 18 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით თურქეთში იქნება, რათა მონაწილეობა მიიღოს სტამბოლში დაგეგმილ „3+3“ რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის მესამე შეხვედრაში. სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც.