პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ კონსტიტუციის მიღების შემთხვევაში მომდევნო არჩევნებზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი აღარ იქნება
2 წუთი კითხვის
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ოპოზიციას ახალი კონსტიტუციის რეფერენდუმზე წასვლა შესთავაზა და განაცხადა, რომ მისი უარყოფის შემთხვევაში გადადგება, ხოლო მიღების შემთხვევაში - მომდევნო არჩევნებში პრემიერობის კანდიდატი აღარ იქნება.
„არმენპრესის“ ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ეს წინადადება 19 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე წარადგინა, როდესაც ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესს შეეხო.
„ოპოზიციას ვთავაზობ - მოდით, რეფერენდუმზე წავიდეთ. თუ ხალხი კონსტიტუციას უარყოფს, მე გადავდგები. თუ ხალხი კონსტიტუციას „დიახ“-ს ეტყვის, მომდევნო არჩევნებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი აღარ ვიქნები“, - განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წინა დღეს პარლამენტში ეს წინადადება ნაწილობრივ უკვე წარმოადგინა, ახლა კი სურს, ის მკაფიოდ ჩამოაყალიბოს.
ახალი კონსტიტუციის შემუშავების საკითხზე საუბრისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ პირველადი პროექტი მომავალ კვირას გამოქვეყნდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დოკუმენტი დახვეწას ექვემდებარება, თუმცა ამავდროულად ხელისუფლებისთვის პრინციპულ იდეოლოგიურ ჩარჩოს განსაზღვრავს.
„კონსტიტუციის პროექტი აუცილებლად უნდა დაიხვეწოს, მაგრამ მას არ შეუძლია გადაკვეთოს „რეალური სომხეთის“ იდეოლოგიის ხაზები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.