2 წუთი კითხვის
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულის ხელმძღვანელობით დელეგაცია მიიღო.
„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატი იუწყება, რომ ნიკოლ ფაშინიანი მიესალმა იოჰან ვადეფულის ვიზიტს სომხეთში და ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების მაღალ დონეს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის მხარდაჭერა სომხეთის მთავრობისადმი დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის წინ წაწევის, ისევე როგორც სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის საქმეში. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, გერმანია, როგორც ევროკავშირის წევრი, სომხეთის ერთ-ერთი საკვანძო პარტნიორია და მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი დინამიკურ და რეგულარულ ხასიათს ატარებს.
იოჰან ვადეფულმა მადლობა გადაუხადა გულითადი მიღებისთვის და ხაზი გაუსვა გერმანიის მზადყოფნას, თანმიმდევრულად განავითაროს სომხეთთან ურთიერთობები. ამავდროულად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა თავისი ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერა სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების მიმართულებით. იოჰან ვადეფულმა მნიშვნელოვნად მიიჩნია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება და რწმენა გამოთქვა, რომ ჩამოყალიბებული კონსტრუქციული ატმოსფერო ხელს შეუწყობს რეგიონული კავშირების სტიმულირებასა და ურთიერთქმედების განვითარებას.
შეხვედრის მსვლელობისას თანამოსაუბრეებმა განიხილეს სომხეთსა და გერმანიას შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაფართოებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, ხაზი გაესვა მწვანე ენერგეტიკის დარგში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას.
ყურადღება გამახვილდა სომხეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების სტიმულირებაზე, აგრეთვე სომხეთის ეკონომიკური დივერსიფიკაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.
მხარეებმა აგრეთვე აზრები გაცვალეს რეგიონულ მოვლენებსა და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.