მირზოიანმა აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესების დეტალები გააჟღერა
2 წუთი კითხვის
სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტრო 2027 წელსაც გააგრძელებს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების მოწესრიგებისა და განვითარების პროცესებს.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ეროვნული ასამბლეის მუდმივმოქმედი კომისიების ერთობლივ სხდომაზე საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა.
„ჩვენი ვალდებულებაა, რაც შეიძლება მალე გახდეს შესაძლებელი აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა, შემდეგ კი მისი რატიფიცირება. მანამდე კი, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მშვიდობის კიდევ უფრო განმტკიცებისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმასა და თანამშრომლობის გაფართოებას, როგორიცაა, მაგალითად, ორმხრივი ვაჭრობა“, - განაცხადა მირზოიანმა.
მინისტრი სომხეთის დასავლელ მეზობელთან - თურქეთთან ურთიერთობებსაც შეეხო:
„თურქეთთან ჩვენი დიალოგი საკმაოდ აქტიური და შედეგიანია. იყო თანამშრომლობის ცალკეული გამოვლინებები და ისინი კვლავ გაგრძელდება: ანის ისტორიული ხიდის ერთობლივი რეკონსტრუქცია, პროგრამები სტუდენტებისთვის, სომხურ-თურქული ბიზნესფორუმი - პირველი ყარსში გაიმართა, მეორე კი მომავალ წელს სომხეთში იგეგმება. ტექნიკურად, ადრე სომხეთ-თურქეთის ვაჭრობა მესამე ქვეყნის გავლით ხორციელდებოდა; ეს დაბრკოლება მოიხსნა, ახლა ეს საბაჟო თვალსაზრისით პირდაპირ ხდება, გეოგრაფიულად კი - ჯერ კიდევ საქართველოს ტერიტორიის გავლით. დიახ, მთელი პროგრესის მიუხედავად, ამ ეტაპზე სომხეთ-თურქეთის საზღვარი კვლავ დაკეტილი რჩება, თუმცა ეს პროცესი იმდენად მომწიფდა, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ვიხილოთ სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება“, - აღნიშნა მინისტრმა.
არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი იმავე სულისკვეთებით გააგრძელებს საქართველოსთან და ირანთან სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების განვითარებასა და კიდევ უფრო განმტკიცებას.