სომხეთისა და საქართველოს სასაზღვრო უწყებების დელეგაციებმა სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს
3 წუთი კითხვის

საქართველოს შინაგანი საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის, დავით თამაზაშვილის მიწვევით, 27–30 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების სარდლის, პოლკოვნიკ გარიკ მურადიანის ხელმძღვანელობით მოქმედი დელეგაცია.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის უფროს დავით თამაზაშვილთან, რომლის დროსაც ქართულმა მხარემ სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურა, ძირითადი ფუნქციები და საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები წარადგინა. შეხვედრაზე განიხილეს სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სასაზღვრო უწყებებს შორის ურთიერთქმედების საკითხები, ასევე დადასტურდა თანამშრომლობის უწყვეტ რეჟიმში განვითარების მზადყოფნა.
დელეგაცია ასევე შეხვდა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ლევან მაისურაძეს. შეხვედრაზე წარადგინეს საპატრულო პოლიციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, აგრეთვე განიხილეს სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს საზღვრის გადაკვეთის პუნქტებში წარმოქმნილ რიგებთან დაკავშირებული პრობლემები.
დელეგაცია ასევე ეწვია საქართველოს შსს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას. სტუმრებს გააცნეს აკადემიის სტრუქტურა, სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებები, თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურა და გადამზადების შესაძლებლობები, სადაც კვალიფიკაციას სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებიც იმაღლებენ.
ვიზიტის ფარგლებში სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დელეგაცია ასევე ეწვია საქართველოს შსს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს.
ვიზიტის დასასრულს, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების სარდალმა, პოლკოვნიკმა გარიკ მურადიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის უფროს დავით თამაზაშვილს მოწვევისთვის, თბილი მიღებისთვის, ნაყოფიერი შეხვედრებისა და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისკენ მიმართული კონსტრუქციული დისკუსიებისთვის.