სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი სომხეთთან თანამშრომლობას კიდევ უფრო გააფართოებს - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი
2 წუთი კითხვის

სომხეთისა და ლიეტუვის დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობები დღეს უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა განაცხადა.
მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი დოკუმენტი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ კიდევ უფრო გააფართოებს თანამშრომლობას მრავალ სფეროში.
სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესზე საუბრისას, ბუდრისმა აღნიშნა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ქვეყნებს დიდ შესაძლებლობებს აძლევს.
„ვიმედოვნებთ, რომ დავეხმარებით სომხეთს ამ პროცესის დაჩქარებაში, რათა ქვეყანამ შეძლოს ვიზალიბერალიზაციის ეტაპზე გადასვლა და თქვენმა საზოგადოებამ უკვე მინიმალური შეზღუდვებით შეძლოს ევროკავშირში მოგზაურობა“, - განაცხადა მან.
ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ვილნიუსი მზად არის გაუზიაროს საკუთარი საუკეთესო გამოცდილება ისეთ მომავალზე ორიენტირებულ სფეროებში, როგორიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და სხვა.
კესტუტის ბუდრისმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიეტუვა სრულად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესს.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველასთვის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების კარებს გახსნის. საზღვრებისა და ინფრასტრუქტურის გახსნით გააქტიურდება ხალხთაშორისი კავშირები და ამაღლდება უსაფრთხოების დონე, რასაც აქ თითოეული თქვენგანი იმსახურებს“, - დასძინა ბუდრისმა.
სომხეთმა და ლიეტუვამ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს ხელი 19 მაისს, ერევანში მოაწერეს. დოკუმენტი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა გააფორმეს.