თუ ჩემი მონაწილეობით გამართულ ღონისძიებაზე რომელიმე თანამდებობის პირი გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, მას ყოველგვარი განხილვის გარეშე გავათავისუფლებ - ფაშინიანი
1 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დაუშვებლად მიიჩნევს მისი მონაწილეობით გამართული ნებისმიერი ღონისძიების დროს რომელიმე თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ფაშინიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. იგი გამოეხმაურა გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ მის მონაწილეობით გამართულ ღონისძიებებზე ხალხი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მიჰყავთ.
„თუ ჩემი მონაწილეობით გამართულ რომელიმე ღონისძიებაზე რომელიმე სახელმწიფო თანამდებობის პირი გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, მე მას ყოველგვარი განხილვის გარეშე გავათავისუფლებ სამსახურიდან. თუ რომელიმე თანამდებობის პირი ადმინისტრაციული რესურსისადმი დაქვემდებარების გამო მოვა ამ ღონისძიებებზე, მე ამ მოსულ პირებსაც ყოველგვარი განხილვის გარეშე გავათავისუფლებ სამსახურიდან“, - განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა ღონისძიებებში და სასჯელი ასევე იმოქმედებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ვინმესთვის ღონისძიებაზე დასწრების აკრძალვის შემთხვევაშიც.