უახლოეს მომავალში აზერბაიჯანთან სადემარკაციო სამუშაოებს გავაგრძელებთ, დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც - ფაშინიანი
5 წუთი კითხვის
სომხეთის რესპუბლიკა უახლოეს მომავალში გააგრძელებს აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციას, დღის წესრიგშია ასევე საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის შეჯამება და დასრულება. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
„დღეს თქვენი სამსახური სომხეთის რესპუბლიკაში ხორციელდება გამორჩეულ ისტორიულ ვითარებაში, როდესაც სომხეთის დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად, სომხეთის რესპუბლიკის ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი კონტროლდება და იქ სამსახურს სომხეთის სასაზღვრო ჯარები ახორციელებენ. შემდეგი მნიშვნელოვანი სიახლე სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებთან დაკავშირებით არის ის, რომ აზერბაიჯანთან უკვე გვაქვს დელიმიტირებული და დემარკირებული 12 კილომეტრიანი სასაზღვრო მონაკვეთი, სადაც სამსახურს სომხეთის სასაზღვრო ჯარები ასრულებენ. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეული ვითარებაა და უნდა აღვნიშნო, რომ ეს 12 კილომეტრი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ერთადერთი მონაკვეთია, სადაც სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სამსახურს ასრულებენ ჩაფხუტებისა და ჯავშანჟილეტების გარეშე, ხოლო ავტომატების მჭიდები არა იარაღზეა დამაგრებული, არამედ ჩანთებში აქვთ მოთავსებული“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მოხდა სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებსა და სასაზღვრო ჯარებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.
„ეს გვაიძულებს შევამჩნიოთ აშკარა ფაქტი, რომ სასაზღვრო ჯარები, როგორც წესი, მშვიდობის სიმბოლოა: იქ, სადაც საზღვარზე მესაზღვრეები დგანან, შემთხვევათა უმრავლესობაში მშვიდობა სუფევს. ჩვენი სურვილი და მიზანია, რომ სომხეთის ყველა საზღვარი იყოს სასაზღვრო ჯარების პასუხისმგებლობის ქვეშ და ჩვენ ამ გზით მივდივართ. უახლოეს მომავალში ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ და ლოგიკურ ვადებში დავასრულებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციას. დღის წესრიგში გვაქვს ასევე საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის შეჯამების საკითხიც და ამის შესახებ ქართველ კოლეგებთან შეთანხმებები უკვე გვაქვს. ამით, არსებითად, სომხეთის საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი დასრულდება და ჩვენს სახელმწიფოს ექნება შესაძლებლობა, უფრო თავდაჯერებულად მოახდინოს ფოკუსირება განვითარების დღის წესრიგზე თავის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მესაზღვრე ასევე არის სახელმწიფოს, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლო.
„როდესაც ვამბობთ, რომ საზღვარი დელიმიტირებული და დემარკირებული იქნება, ჩვენი სურვილია, რომ ჩვენი არმიის მოსამსახურეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავიანთი სამსახური მუდმივი დისლოკაციის ადგილებში განახორციელონ. ათწლეულების განმავლობაში ჩვენი არმია სამსახურის დიდ ნაწილს სანგრებსა და პოზიციებზე ატარებს, სადაც პირობები, ჩვენთვის ცნობილი გარემოებების გამო, საუკეთესო არ არის. ჩვენ ახლა საზღვრებზე საფორტიფიკაციო და მასშტაბურ საინჟინრო სამუშაოებსაც ვახორციელებთ, მაგრამ ჩვენი მიზანდასახულობაა, რომ გარკვეულ მომენტში ეს გამაგრებული რაიონებიც გადავცეთ სასაზღვრო ჯარებს. რა თქმა უნდა, ეს მოხდება სრული მშვიდობის პირობებში, რომლისკენაც ყოველთვიურად, ყოველკვირეულად და ყოველდღიურად უფრო თავდაჯერებულად მივაბიჯებთ. ჩვენი რეგიონი ისტორიულ ცვლილებებს განიცდის და ეს ცვლილებები ცალსახად პოზიტიურია. ჩვენი ამოცანაა, რომ სომხეთში სასაზღვრო ჯარების ფუნქციური დანიშნულება და სამსახურის მასშტაბები სულ უფრო გაფართოვდეს“, - აღნიშნა პრემიერმა.
ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა სასაზღვრო ჯარების მოსამსახურეებს და აღნიშნა, რომ მათ წინაშე დასახული ახალი მისიები პროფესიონალიზმის უფრო მაღალ დონესა და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს.