გვსურს მხარი დავუჭიროთ სომხეთს და გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
2 წუთი კითხვის

ესტონეთი მზად არის მხარი დაუჭიროს სომხეთს და განავითაროს პრაქტიკული თანამშრომლობა გამოცდილების გაზიარების, და ამავდროულად, სომხური გამოცდილებიდან სწავლის გზით.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ არარატ მირზოიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი სომხეთში უკვე მეორეა მინისტრის სტატუსით, რაც ასახავს ესტონური მხარის ერთგულებას ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხში.
„ეს არის ჩვენი, როგორც ესტონელი ხალხის ვალდებულება: ჩვენ გვიყვარხართ თქვენ, სომეხო ხალხო. თქვენ ჩვენთან ძალიან ახლოს ხართ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შორის მანძილი დიდია“, - განაცხადა მან.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეეხო სომხეთში ესტონეთის საელჩოს გახსნას და ხაზი გაუსვა მის პრაქტიკულ მნიშვნელობას.
„ჩვენ გავხსენით საელჩო აქ, სომხეთში. ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯი, არამედ მიზნად ისახავს სომხეთსა და ესტონეთს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარებას“, - აღნიშნა ცაჰკნამ.
მისი თქმით, სომხეთი მნიშვნელოვან ეტაპზეა და გატარებულმა პოლიტიკამ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს არა მხოლოდ ქვეყანაზე, არამედ მთელ რეგიონზე.
„სამშვიდობო გზა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც ხალხის კეთილდღეობის, ბიზნესისა და ვაჭრობის განვითარების წინაპირობა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ცაჰკნამ ასევე დასძინა, რომ ესტონეთი მზად არის დაეხმაროს სომხეთს საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით, ამასთანავე, დაინტერესებულია სომხეთის გამოცდილებითაც.
„ჩვენ გვინდა მხარი დაგიჭიროთ, გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ვისწავლოთ თქვენგან“, - განაცხადა მან.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რეგიონში მიმდინარე პროცესები შეიძლება განიხილებოდეს როგორც ფართო გეოპოლიტიკური ცვლილებების ნაწილი და ესტონეთს სურს იყოს ამ პროცესების მონაწილე.