სომხეთის საგარეო პოლიტიკა შესაბამისობაშია საერთაშორისო პროცესებთან։ ფაშინიანი
2 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკა ახლა შესაბამისობაშია საერთაშორისო პროცესებთან.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ფაშინიანმა ეს კაპანში გამართულ ელჩების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
„ყველა ის კატასტროფა, რაც ჩვენს ისტორიაში გვქონია, მათი თავისებურებების შესწავლისას მივდივართ დასკვნამდე, რომ, წესისამებრ, ვერ ვახერხებდით ჩვენი ისტორიული რიტმის საერთაშორისო განვითარებების რიტმთან შეთავსებას. და ის, რაც ვაშინგტონში მოხდა (რედ. იგულისხმება 8 აგვისტოს აშშ-ის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელმოწერილი დეკლარაცია და ასევე ორი ქვეყნის შორის მშვიდობის ხელშეკრულების წინასწარი ხელმოწერა), ნიშნავს, რომ ჩვენი პოლიტიკის რიტმი გარკვეულ საერთაშორისო პროცესებს შეესაბამება. ეს, ალბათ, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში პირველი და რეალური შესაძლებლობაა, რომ საერთაშორისო განვითარებებს ავყვეთ, და ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტია“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სომხეთის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ის იყო, რომ თეორიები, რომლებსაც ქვეყანა ეყრდნობოდა, ჩვეულებრივად ფორმირდებოდა ელიტების მიერ და, რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოებისთვის თავსმოხვეული იყო.
„ახლა ვცხოვრობთ დროს, როცა საპირისპირო ხდება, თეორიები იწელება ხალხის ცნობიერებაში, ფორმულირდება ხალხის წარმომადგენლების მიერ და ხორციელდება. ამ თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესის ორგანულობა ბოლომდე შევინარჩუნოთ“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.