სომხეთმა და აშშ-მ სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი
3 წუთი კითხვის
სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.
„არმენპრესის“ ცნობით, დოკუმენტი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააფორმეს.
ხელმოწერის ცერემონია ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.
ენტონი ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დოკუმენტის ხელმოწერა სომხეთ-აშშ ურთიერთობების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.
„ჩვენ ვქმნით აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას, რომელიც მოგვცემს საშუალებას გავაფართოვოთ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში: ეკონომიკაში, უსაფრთხოებასა და თავდაცვაში, დემოკრატიისა და მართლმსაჯულების საკითხებში“, – განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს უფრო მდგრადი, მშვიდობიანი, უსაფრთხო და დამოუკიდებელი სამხრეთ კავკასიის შექმნას.
„სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია მტკიცე საფუძველს უქმნის ჩვენს თანამშრომლობას და მას უფრო ამბიციურს ხდის. დოკუმენტი მოიცავს მრავალ სფეროს, მათ შორის ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებას, კომუნიკაციებს, თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობას, ინოვაციებისა და მაღალტექნოლოგიების განვითარებას და ხალხთაშორისი კონტაქტების გაფართოებას“, – აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.
მირზოიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთ-აშშ ურთიერთობები, რომლებიც საერთო ღირებულებებსა და ურთიერთ ინტერესებზეა დაფუძნებული, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა.
„ისინი ისეთ დონეს მიაღწიეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება არა მხოლოდ შესაბამისია დღევანდელი რეალობისთვის, არამედ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკური სირთულეების პირობებში“, – დასძინა მან.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ენტონი ბლინკენს და მის გუნდს ორი ქვეყნის თანამშრომლობის ახალ დონეზე გადაყვანისთვის გაწეული ძალისხმევისთვის.
2024 წელს სომხეთ-აშშ ურთიერთობები აქტიური პოლიტიკური დიალოგით და ღირებული მიღწევებით აღინიშნა. 5 აპრილს გაიმართა სომხეთ-აშშ-ევროკავშირის სამმხრივი შეხვედრა. 11 ივნისს ერევანში გაიმართა სომხეთ-აშშ სტრატეგიული დიალოგის შემაჯამებელი სესია, სადაც გამოიკვეთა ურთიერთობების გაღრმავების ხედვა, რაც სტრატეგიული პარტნიორობის დონისკენ იყო მიმართული.