ერევანი, 10 დეკემბერი, არმენპრესი. ბელარუსში უკვე რამდენიმე ათეული ბირთვული ქობინი განთავსებულია, ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. როგორც „არმენპრესი“ „ბელტაზე“ დაყრდნობით იუწყება․
„მე შემოვიტანე ბირთვული ქობინები. არა ერთი ათეული“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
ბელარუსის ლიდერმა აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგეები გააფრთხილა ქვეყნის საზღვრების დარღვევის შემთხვევაში მყისიერი რეაქციის შესახებ.
„თუ ბირთვული იარაღი გამოყენებული იქნება, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ყოველ შემთხვევაში, ჰიროსიმას და ნაგასაკის შემდეგ არავის დაჭერია ბირთვული იარაღის ღილაკი. ყველაზე ძლიერ ქვეყნებს, აღარაფერს ვამბობ ბელარუსზე. მაგრამ მე გავაფრთხილე ყველა ჩემი მტერი, „მეგობარი“ და კონკურენტი: როგორც კი თქვენ სახელმწიფო საზღვარზე ფეხს დადგამთ, რეაქცია იქნება მყისიერი. მე არ ვუყურებ, იქნება ეს ბირთვული იარაღი თუ სხვა რამ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
2023 წელს მოსკოვმა და მინსკმა შეთანხმებას მიაღწიეს ბელარუსში რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამ იარაღის კონტროლი რუსეთის ხელში დარჩება.
ბელარუსში განთავსებულია „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემები. ალექსანდრ ლუკაშენკომ ადრე განაცხადა, რომ ისინი ბირთვული ქობინებით აღჭურვილი რაკეტებითაა შეიარაღებული.