ერევანი, 13 დეკემბერი, არმენპრესი. სომხეთი და აზერბაიჯანი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან ჯარების გაყვანის იდეას განიხილავენ.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის შეთანხმება არ არის ნდობის აღდგენის ერთადერთი პროცესი.
„ეს არ არის ნდობის აღდგენის ერთადერთიხელშეკრულება, რომელიც განიხილებოდა. სხვა იდეები განიხილეს და განიხილება. მაგალითად, სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფოთაშორისი საზღვრიდან ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ ჯარების გაყვანა ნამდვილად დადებით გავლენას მოახდენს და ხელს შეუწყობს შესაძლო ახალი ესკალაციის თავიდან აცილებას. მე არ ვამბობ, რომ ამაზე შეთანხმება გვაქვს. ეს არის იდეა, რომელიც განიხილება“, - განაცხადა მირზოიანმა და აღნიშნა, რომ არის სხვა იდეებიც, რომლებიც ასევე განიხილება.
საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სომხურ-აზერბაიჯანული ორმხრივი ნაბიჯები დადებითად აისახება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მოწესრიგებაზე.
„თუმცა, მთავარი პროცესი არის მოლაპარაკებები სამშვიდობო ხელშეკრულებაზე. ვფიქრობ, აზერბაიჯანი უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან შეხვედრების ფორმატში. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ სამუშაოს დიდი ნაწილი შესრულებულია და ახლა ჩვენ უნდა შევხვდეთ და შევთანხმდეთ ფუნდამენტური საკითხების საბოლოო ფორმულირებაზე“, - განაცხადა მირზოიანმა.